ქრისტეშობა

საშობაო ღამისთევისთვის უმცირესობებს მრევლისა და მღვდელმსახურების პირად მონაცემებს სთხოვენ

ქრისტეშობა ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში
ნინო სარალიშვილი

საქართველოს მთავრობა stopcov.ge-ს მეშვეობით აცხადებს, რომ რელიგიურმა ჯგუფებმა საშობაო ღვთისმსახურების აღსასრულებლად და ერთჯერადი საშვების მისაღებად სახელმწიფოს სიები უნდა წარუდგინონ.

"სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ყველა რელიგიის და კონფესიის წარმომადგენელმა თავისუფლად შეძლოს რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობა.

შესაბამისი კონფეციები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენენ მრევლის და მღვდელმსახურთა სიებს, რომელთა საფუძველზეც ოპერაციული შტაბის მიერ გაიცემა გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა". - წერია საიტზე.


საშობაოდ, 6 იანვრის საღამოდან, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას", რომელიც 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი შემთხვევები თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით დააწესოს და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი. 

პლატფორმა "არა ფობიას" მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად.

განცხადება გაავრცელეს რელიგიურმა გაერთიანებებმაც, სადაც ვკითხულობთ:

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პანდემიასთან ბრძოლის ფონზე, არ დაუშვას დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლინება დომინანტურისგან განსხვავებული რელიგიური გაერთიანებებისადმი და ამ ნიშნით არ შელახოს რელიგიის თავისუფლება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს საიმისოდ, რომ არ შეგვექმნას დაბრკოლება სოციალური და საქველმოქმედო მსახურების პროცესში. მზად ვართ ამ, და ზოგადად, პანდემიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განსახილველად შევხვდეთ საქართველოს ხელისუფლებას". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები