არჩევნები 2020

ბოკერია ISFED-ზე: ერთია შეცდომა და მეორეა ხელისუფლება, რომელსაც ამ შეცდომის გამოყენება უნდა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელობის ბრიფინგსა და ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის შეფასებას ეხმაურება. ბოკერიას თქმით, ერთია ISFED-ის მიერ დაშვებული შეცდომა და მეორეა ხელისუფლება, რომელსაც ამ შეცდომის გამოყენება არასასურველი ორგანიზაციის განადგურებისთვის უნდა.

"ეს არის დამახასიათებელი ყველა ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმისათვის, რომ ყველა ვითარების გამოყენებას ცდილობ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისათვის, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, როგორიც სამართლიანი არჩევნებია.

როგორი შეცდომაც არ უნდა მოსვლოდათ, ეს რეაქცია თვითონ მეტყველებს, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. ერთია შეცდომა და მეორეა, როცა არის ხელისუფლება, რომელსაც ამ შეცდომის გამოყენება უნდა რეალურად მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისათვის". – თქვა გიგა ბოკერიამ.

სამართლიანი არჩევნების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურეს, რომ ელენე ნიჟარაძე აღარ არის ISFED-ის ხელმძღვანელი. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ შეცდომაზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის პროცედურაში გამოვლინდა. სამართლიანი არჩევნების გამგეობა მიიჩნევს, რომ ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ამ სიყალბის მიზეზების შესახებ" განმარტება ძალიან სუსტი იყო. უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ პარალელური დათვლისას მოხდა არა შეცდომა, არამედ შეგნებული მანიპულაცია ორგანიზაციის მხრიდან. 

ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლა ჩაატარა. 11 სექტემბერს, ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებდნენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

ელენე ნიჟარაძემ 12 დეკემბერს თქვა, არ გაუკვირდება, რომ მის სატელეფონო ჩანაწერებს უსმენდნენ. ნიჟარაძე ასევე საუბრობდა ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრაზე, როდესაც მათ ორგანიზაციას პარალელური დათვლის უბნების სიის მიწოდება სთხოვეს. 

მმართველი გუნდის შეფასებით, ISFED-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციურ სპექტრს ბოდიში უნდა მოეხადა. ქართული ოცნების პოზიციით, ოპოზიციისთვის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მთავარი არგუმენტი სწორედ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები იყო.

კომენტარები