არჩევნები 2020

კობახიძე ISFED-ზე: რთული დასაჯერებელია, რომ ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა

ქართული ოცნება

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელობის ბრიფინგს, სადაც განმარტებული იყო ის მიზეზები, რის გამოც ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლისას შეცდომა დაუშვა. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ამ სიყალბის მიზეზების შესახებ" განმარტება ძალიან სუსტი იყო. 

"როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა, ვგულისხმობ PVT-ის მონაცემებს და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ პარალელური დათვლისას მოხდა არა შეცდომა, არამედ შეგნებული მანიპულაცია ორგანიზაციის მხრიდან. 

"ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო აღრმავებს ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის განმავლობაში მალავდა ხარვეზს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული.

ეჭვებს ასევე აღრმავებს ის გარემოებაც, რომ პირველად ქართული არჩევნების ისტორიაში PVT-ის მონაცემების გამოქვეყნება გადაიდო 11 საათიდან 14 საათამდე. ამ გადადების მიზეზის განმარტება ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია, მითუმეტეს, რომ ყველა წინა საპარლამენტო, ან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 10 ან 11 საათზე გამოქვეყნდა". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, მისთვის სამწუხაროა, რომ ორგანიზაციის გამგეობამ არ ისაუბრა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო უბნების 8%-ში ბიულეტენების ზედმეტობა აღმოჩნდა. 

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ორი კვირის წინ მოვითხოვეთ იმ უბნების გასაჯაროვება, სადაც ამგვარი ზედმეტობა დაფიქსირდა, თუმცა, უკვე აშკარაა, რომ ამგვარი 80 უბანი ბუნებაში არ არსებობს. სინამდვილეში ბიულეტენების ზედმეტობა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით, 19 საარჩევნო უბანზე, რაც საარჩევნო უბნების 0.5%-ია. 

როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთ უხეშ ხარვეზს, კიდევ შეიძლება საკუთარი თავი დააჯერო, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა, მაგრამ როდესაც ორგანიზაცია ერთდროულად უშვებს ორ უხეშ ხარვეზს, აქ თავის მოტყუება უკვე ძალიან რთულია". – ამბობს ირაკლი კობახიძე. 

25 დეკემბერს ISFED-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა დაადასტურეს, რომ ელენე ნიჟარაძე ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღარ იქნება. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებზე ისაუბრეს იმ შეცდომაზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის პროცედურაში გამოვლინდა. სამართლიანი არჩევნების გამგეობა მიიჩნევს, რომ ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება.

ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლა ჩაატარა. 11 სექტემბერს, ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებდნენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

ელენე ნიჟარაძემ 12 დეკემბერს თქვა, არ გაუკვირდება, რომ მის სატელეფონო ჩანაწერებს უსმენდნენ. ნიჟარაძე ასევე საუბრობდა ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრაზე, როდესაც მათ ორგანიზაციას პარალელური დათვლის უბნების სიის მიწოდება სთხოვეს. 

მმართველი გუნდის შეფასებით, ISFED-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციურ სპექტრს ბოდიში უნდა მოეხადა. ქართული ოცნების პოზიციით, ოპოზიციისთვის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მთავარი არგუმენტი სწორედ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები იყო.

კომენტარები