ბადრი ესებუას საქმე

გახარია ესებუაზე: ჩემი დავალება იყო, სისხლი არ დაღვრილიყო, სასჯელი დადგება ძალიან მალე

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ეხმაურება. გახარიას თქმით, მისი დავალება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომ მოქალაქეების სისხლი არ დაღვრილიყო. მისივე თქმით, ბრალდებული ბადრის ესებუას სასჯელი გარდაუვალად უნდა დადგეს და ძალიან მალე დადგება. 

"ჩემი დავალება შსს-ს მიმართ იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი მოვალეობა. ისევე, როგორც შსს-ს მოვალეობაა, ნებისმიერ შემთხვევაში, სასჯელის გარდაუვალობა იყოს აღსრულებული. მერწმუნეთ, რომ შსს ამ დავალებას შეასრულებს. თქვენ თუ გგონიათ, რომ მსგავსი საკითხებით რაღაც წინააღმდეგობას გააჩენთ ჩემსა და შს მინისტრს შორის, არ გამოგდით. ჩემი დავალება მაშინ იყო აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმური, რომ ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. ამასთან ერთად სასჯელის გარდაუვალობა უნდა დადგეს და დადგება ძალიან მალე". – თქვა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ბადრი ესებუას დაკავება მათთვის ღირსების საკითხია და მას აუცილებლად დააკავებენ. "სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ" – თქვა გომელაურმა.

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი ოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები