ბადრი ესებუას საქმე

გომელაური ესებუაზე: სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, ყველაფერს ვაკეთებთ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ბადრი ესებუას დაკავება მათთვის ღირსების საკითხია და მას აუცილებლად დააკავებენ. 

"ოპერატიულ ინფორმაციაზე ღიად ვერ ვისაუბრებ. მოხდა მისი ძმის დაკავება, გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწვდიდა მას საკვებს. მერე აღმოჩნდა, რომ თან ჰქონდა ვაზნები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება. ეს ადამიანი იყო, რომელმაც 15 წუთით ადრე, სანამ მივაკითხეთ და დავადგინეთ, სადაც იყო, გაიყვანა თავისი მანქანა
ტყეში, გაიქცა და მიიმალა. მეორე დღე იყო ამ ოპერაციის.

მე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე შეკითხვები, იგივე
ჟურნალისტების მხრიდან, რომ რას ვაკეთებთ. საქართველოში ჩვენ გვყავს 20
წლის ძებნილები, დღესაც, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ
დაუტოვებიათ. გვყავს 16 წლის ძებნილი. გვყავს, რომელმაც 2006 წელს ჩაიდინა
დანაშაული მკვლელობაზე და დღესაც არ არის დაკავებული. ისე, ნუ უკვირს ხოლმე
ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში. ეს
ჩვეულებრივი თემაა, სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, მაქსიმალურად
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავაკავოთ.  

პირველ რიგში, ჩვენთვის ღირსების საკითხია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ
დავაკავოთ და მე ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ". – ამბობს გომელაური. 

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი ოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები