ნავალნის მოწამვლა

Levada: რუსეთის მოსახლეობის 30% თვლის, რომ ნავალნის მოწამვლა დადგმული იყო

ალექსეი ნავალნი

ცენტრ Levada-ს ახალი გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სკეპტიკურად უყურებს იმ ამბავს, რომ ნავალნი მოწამლეს.

რესპონდენტების 30%-მა თქვა, რომ ინციდენტი "დადგმული" იყო და 19% ფიქრობს, რომ ეს იყო საგარეო სადაზვერვო სამსახურების მიერ ორკესტირებული პროვოკაცია.

გამოკითხულთა 15% ამბობს, რომ ის, რაც ნავალნის დაემართა, იყო ხელისუფლების მცდელობა, თავიდან მოეშორებინათ პოლიტიკური ოპონენტი. 

გამოკითხულთა 7% ფიქრობს, რომ ეს იყო შურისძიება რომელიმე პირისგან, რომელიც ადრე ნავალნის ანტიკორუფციულ გამოძიებაში მოხვდა.

"უფროსი თაობა ახალ ამბებს ტელევიზორიდან იღებს და ტელევიზორის სიახლეებს ენდობა, და ხელისუფლების მხარდამჭერები მეტწილად მიიჩნევენ, რომ რაც მოხდა იყო დადგმული ან დასავლეთის პროვოკაცია... ახალგაზრდები, ინტერნეტის აქტიური მომხარებლები და ხელისუფლების კრიტიკოსები მოწამვლას უფრო ხშირად აბრალებენ რუსეთის მთავრობას".  - წერს Levada-ს დირექტორის მოადგილე, დენის ვოლკოვი. 

ორგანიზაციამ 21-დან 23 დეკემბრამდე ტელეფონით გამოკითხა რუსეთის 1 617 ზრდასრული მოქალაქე, რომელთა 78% ახლოდან ადევნებდა თვალს ან სმენია ნავალნის მოწამვლის შესახებ.

20 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მგზავრობდა, ომსკში დაეშვა, ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის ხელისუფლების უარყოფის მიუხედავად, გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის შემდეგ მის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტის, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ის კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს, ის მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს.

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების 6 წარმომადგენელს, მათ შორის FSB-ს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბორტნიკოვს, სანქციები დაუწესა. გაიყინა მათი ანგარიშები და მათ აეკრძალათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა.

21 დეკემებერს ნავალნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მან ფედერალური უშიშროების სააგენტოს თანამშრომელს, კონსტანტინ კუდრიავცევს დაურეკა, თავი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანაშემწედ გააცნო და საკუთარ მოწამვლაზე კითხვები დაუსვა. 

ნავალნიმ  ФСБ-ს თანამშრომლებს აპლიკაციის გამოყენებით დაურეკა, რომელიც ნომრის შეცვლის საშუალებას იძლევა, რათა ზარის მიმღებს ჩაეთვალა, რომ სამსახურეობრივი ФСБ-ს ნომრიდან ურეკავდნენ.

ალექსეი ნავალნი კუდრიავცევს 45 წუთს ესაუბრა. ნავალნიმ მას ჰკითხა, რა მოხდა, რა შეცდომები იყო დაშვებული, "რატომ მოხდა ტომსკში ნავალნისთან სრული ჩავარდნა". კუდრიავცევი თვლის, რომ ოპერაცია კარგად იყო დაგეგმილი. ოპერაციის წარუმატებლობა მან გარემოებათა დამთხვევით ახსნა. მისი აზრით, ნავალნი ვერ გადარჩებოდა, პილოტს სწრაფად რომ არ დაესვა თვითმფრინავი, ხოლო სასწრაფო დახმარების ექიმებს სიმპტომების შეფასების შემდეგ ატროპინი არ შეეყვანათ მის ორგანიზმში. საუბრისას ის, ასევე, ასახელებს ოპერაციის დანარჩენ მონაწილეებს, თავის უფროსს სტანისლავ მაკშაკოვს, მეცნიერ-ტოქსიკოლოგსა და ნოვიჩოკის სპეციალისტს, ასევე ივან ოსიპოვს, ალექსეი ალექსანდროვს. კუდრიავცევის თქმით, მოწამვლის შემდეგ სამხილების გაქრობაში ФСБ-ს აგენტებს სატრანსპორტო პოლიცია დაეხმარა. საუბრის სრული ჩანაწერი The Indider-მა გამოაქვეყნა.

ნავალნის ჩანაწერს უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში (ФСБ) და მას ყალბი უწოდეს. ФСБ-ში განაცხადეს, რომ ნავალნის ვიდეოს მიზანი მათი დისკრედიტაციაა და ამის უკან უცხოური დაზვერვა დგას.

პუტინის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ნავალნის "განდიდების მანიით შეპყრობილს" უწოდებს.

როგორ გამოიძია ალექსეი ნავალნიმ საკუთარი მკვლელობის მცდელობა ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები