ალექსეი ნავალნის მოწამვლა

FSB ნავალნის ჩანაწერს ყალბს უწოდებს, დისკრედიტაციის მცდელობაში უცხოურ დაზვერვას ადანაშაულებს

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა (FSB) კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მიერ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელშიც ის, როგორც თავად ამბობს, მის მოწამვლაში მონაწილე აგენტს ესაუბრება. რუსულ მედია სააგენტო TASS-თან მათ ნავალნის სატელეფონო ჩანაწერს გაყალბებული უწოდეს.

"ვიდეო სატელეფონო საუბრით გაყალბებულია. ეს კარგად ნაცნობი ტექნიკაა უცხოური სადაზვერვო სააგენტოებისათვის და წარსულშიც არაერთხელ გამოუყენებიათ ანტი-რუსულ კამპანიაში. ამგვარად შეუძლებელი ხდება იმის დადგენა, ვინ მონაწილეობდა რეალურად სატელეფონო საუბარში". - ნათქვამია მათ განცხადებაში.

FSB-ს სპიკერებმა ასევე განაცხადეს, რომ ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ მათი აგენტები ნავალნის უთვალთვალებდნენ, რუსეთის წინააღმდეგ უცხოური დაზვერვის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

"ე.წ. "გამოძიება", რომელიც ნავალნიმ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა დაგეგმილი პროვოკაციაა და მისი მიზანი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის და მისი ოფიცრების დისკრედიტაციაა. ამის განხორციელება უცხოური დაზვერვის მხრიდან ტექნიკური და საორგანიზაციო დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა". - თქვეს მათ.

გუშინ, 21 დეკემბერს ნავალნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსეთის ფედერალური უშიშროების სააგენტოს თანამშრომელს, კონსტანტინ კუდრიავცევს ურეკავს. მან თავი რუსეთის უსაფრთხების საბჭოს მდივნის თანაშემწედ მოაჩვენა და საკუთარ მოწამვლაზე კითხვები დაუსვა.

როგორც ნავალნი ამბობს, Bellingcat-ის, CNN-ის, The Insider-ისა და Der Spiegel-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოსკოვის დროით დილის 7 საათისთვის ნავალნიმ გადაწყვიტა, დაერეკა FSB-ს იმ თანამშრომლებთან, რომლებიც გამოძიების თანახმად, ნავალნის მოწამვლის საქმეში მონაწილეობდნენ. მათი საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა.

ნავალნიმ FBS-ს თანამშრომლებს აპლიკაციის გამოყენებით დაურეკა, რომელიც ნომრის შეცვლის საშუალებას იძლევა, რათა ზარის მიმღებს ჩაეთვალა, რომ სამსახურეობრივი FSB-ს ნომრიდან ურეკავდნენ.

კონსტანტინ კუდრიავცევს ნავალნიმ თავი წარუდგინა მაკსიმ უსტინოვად, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის თანაშემწედ, და სთხოვა, განემარტა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, რომლებიც ანგარიშის დაწერისთვის იყოს საჭირო. ამ მომენტისთვის ნავალნიმ, ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით, უკვე იცოდა, რომ კუდრიავცევი მის თვალთვალში მონაწილეობდა და ასევე, ჩავიდა ომსკში მას შემდეგ, რაც ნავანლი ბერლინში გადაიყვანეს. გამოძიების ვარაუდით, კუდრიავცევი ომსკში ნავალნის ტანსაცმლის, სამხილების, მოსაშორებლად ჩავიდა. კუდრიავცევი რუსეთის სამხედრო ბიოქიმური დაცვის აკადემიაში სწავლობდა და ჟურნალისტური გამოძიება თვლის, რომ მან იცის, როგორ გააქროს ნოვიჩოკის კვალი. როგორც The Insider-ი წერს, ეს ჰიპოთეზა, სატელეფონო საუბარში დადასტურდა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ომსკში ჩასულ კუდრიავცევს დაავალეს ნავალნის ტანსაცმლიდან ნოვოჩოკის კვალის გაწმენდის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საცვლებისთვის, რაც სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ სწორედ საცვლის შიდა მხარეს იყო დატანილი ქიმიური აგენტი.​ ტოქსიკოლოგები, რომლებსაც CNN-ი ესაუბრა, ამბობენ, რომ თუ ტანსაცმელზე ნოვიჩოკის გრანულებია დატანილი, ადამიანის გაოფლიანებისას ისინი კანში შეიწოვება.

ალექსეი ნავალნი კუდრიავცევს 45 წუთი ესაუბრა. ნავალნიმ მას ჰკითხა, რა მოხდა, რა შეცდომები იყო დაშვებული, "რატომ იყო ტომსკში ნავალნისთან სრული ჩავარდნა". კუდრიავცევი თვლის, რომ ოპერაცია კარგად იყო დაგეგმილი. ოპერაციის წარუმატებლობა მან გარემოებათა დამთხვევით ახსნა. მისი აზრით, ნავალნი ვერ გადარჩებოდა, პილოტს სწრაფად რომ არ დაესვა თვითმფრინავი, ხოლო სასწრაფო დახმარების ექიმებს სიმპტომების შეფასების შემდეგ ატროპინი არ შეეყვანათ მის ორგანიზმში. საუბრისას ის, ასევე, ასახელებს ოპერაციის დანარჩენ მონაწილეებს, თავის უფროსს სტანისლავ მაკშაკოვს, მეცნიერ-ტოქსიკოლოგსა და ნოვიჩოკის სპეციალისტს, ასევე ივან ოსიპოვს, ალექსეი ალექსანდროვს. კუდრიავცევის თანახმად, მოწამვლის შემდეგ სამხილების გაქრობაში FSB-ს აგენტებს სატრანსპორტო პოლიცია დაეხმარა. საუბრის სრული ჩანაწერი The Indider-მა გამოაქვეყნა.

გასულ კვირას ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას და აღნიშნა, რომ ჟურნალისტების მიერ მოძიებული ინფორმაცია "ინფორმაციული ომის" ნაწილი იყო.

პუტინმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ნავალნის ფედერალური უშიშროების სააგენტოს თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ FSB-ს მისი მოწამვლა რომ ნდომოდა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.

"ჩვენს უშიშროების სამსახურებს თვალი უჭირავთ მასზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოწამვლა გვჭირდება... ჩვენ ის არ მოგვიწამლავს, ვის სჭირდება ის? ვინმეს მისი მოწამვლა რომ ნდომოდა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა". – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

20 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მგზავრობდა ომსკში დაეშვა, ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის ხელისუფლების უარყოფის მიუხედავად, გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის შემდეგ მის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტის, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ის კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს, ის მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს.

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების 6 წარმომადგენელს, მათ შორის FSB-ს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბორტნიკოვს სანქციები დაუწესა. გაიყინა მათი ანგარიშები და აეკრძალათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა.

კომენტარები