ნავალნის მოწამვლა

კრემლი: რუსეთი ქიმიურ იარაღებს არ აწარმოებს

დმიტრი პესკოვი
TheMoscowTimes

7 ოქტომბერს კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი არ ავითარებს ქიმიურ იარაღებს და სრულიად ასრულებს საერთაშორისო შეიარაღების კონტროლის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც კრძალავს მათ წარმოებას. 

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ ნავალნის სისხლში ნოვიჩოკის არსებობა დაადასტურა

პესკოვის განცხადებით, რუსეთს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციიდან ნავალნის საქმეზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიუღია.

6 ოქტომბერს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ნავალნის სისხლსა და შარდში აღმოჩენილ ბიომარკერებს აქვთ ნოვიჩოკის ჯგუფში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებების მსგავსი სტრუქტურული მახასიათებლები. ეს შედეგები ადასტურებს გერმანიის, შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიების ანალიზების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს.

​ნავალნის ანალიზების შედეგების გადამოწმება ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ბერლინმა სთხოვა.

ორგანიზაციის მიერ ნავალნის სისხლის ნიმუშებში აღმოჩენილი კონკრეტული ნივთიერება არ არის აკრძალული ქიმიური იარაღის სიაში, მაგრამ ეს ნივთიერება ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტის ახალი და უცნობი ვერსიაა.

"ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა ქიმიური იარაღის ნებისმიერი პირი და ნებისმიერ გარემოებაში გამოყენება დაგმეს და საერთაშორისო საზოგადოების ჩამოყალიბებულ სამართლებრივ ნორმებთან ყოვლად შეუსაბამოდ გამოაცხადეს. შესაბამისად, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ხელმომწერმა სახელმწიფოებმა შეასრულონ ნორმა, რომლის დაცვაც გადაწყვიტეს". – თქვა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ფერნანდო არიასმა.

"არ არსებობს ეჭვი, რომ ნოვიჩკის ნერვული აგენტი ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის გამოიყენეს. აკრძალული ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება სერიოზული შეშფოთების მიზეზია". – დაწერა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში დიდი ბრიტანის დელეგაციამ Twitter-ზე.

ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე გაატარა. ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ნავალნის მოწამვლის საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ".

თავად ალექსეი ნავალნიმ თავის მოწამვლაში ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

"მე მჯერა, რომ პუტინი ამ დანაშაულის უკან დგას და მომხდარის შესახებ არ მაქვს სხვა ვერსია". - განაცხადა ნავალნიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას.

ქიმიური იარაღის ნოვიჩოკის შესახებ ვრცლად წაიკიტხეთ ტაბულას სტატიაში - კრემლის პრობლემების საბჭოთა წამალი - რა არის "ნოვიჩოკი"?

ალექსეი ნავალნიზე ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - "უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი".

კომენტარები