ნავალნის მოწამვლა

რუსეთი ნავალნის საქმეზე სანქციების დაწესების გეგმის გამო EU-სთან დიალოგის გაწყვეტით იმუქრება

სერგეი ლავროვი
Daily Mail

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ნავალნის მოწამვლის საქმის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე:

"ჩვენ, ალბათ, უბრალოდ დასავლეთში დროებით უნდა შევაჩეროთ ლაპარაკი იმ ხალხთან, ვინც პასუხისმგებელია მის საგარეო პოლიტიკაზე და არ ესმის ურთიერთპატივსაცემი დიალოგის საჭიროება... რუსეთს სურს, გაიგოს, ამ სიტუაციაში შესაძლებელია, თუ არა ევროკავშირთან რაიმე საქმის კეთება". – აღნიშნა ლავროვმა

12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საფრანგეთი-გერმანიის გეგმას, რუსეთს ნავალნის ნერვული აგენტით მოწამვლის საქმის გამო სანქციები დაუწესონ. 

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს, არ დაუკონკრეტებია, თუ ვის დაუწესდება სანქციები ან როდის ამოქმედდება ისინი, თუმცა თქვა, რომ ამ საქმეზე ტექნიკური სამუშაოები ახლა დაიწყება.

ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე გაატარა. ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ნავალნის მოწამვლის საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ".

თავად ალექსეი ნავალნიმ თავის მოწამვლაში ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

"მე მჯერა, რომ პუტინი ამ დანაშაულის უკან დგას და მომხდარის შესახებ არ მაქვს სხვა ვერსია". - განაცხადა ნავალნიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას.

ქიმიური იარაღის ნოვიჩოკის შესახებ ვრცლად წაიკიტხეთ ტაბულას სტატიაში - კრემლის პრობლემების საბჭოთა წამალი - რა არის "ნოვიჩოკი"?

ალექსეი ნავალნიზე ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - "უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი".

კომენტარები