აფრიკის დასახელება

კალაძე აფრიკის დასახლებაზე: დაუშვებელია, დარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით

თბილისის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევის განახლებას ეხმაურება. კალაძის თქმით, დასახლებაში შენობების აშენება "დაუშვებელია, გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით." 

"ჩვენი, თბილისის მერიის კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ სახელმწიფო ქონებები დავიცვათ მიტაცებისგან და შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან. 

დაუშვებელია, ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია. დაუშვებელია, ასეთი დარღვევები გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. მე ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა. კარგად მესმის იმ ოჯახების, ვისაც მართლა უჭირს და სერიოზული პრობლემები გააჩნია". – ამბობს თბილისის მერი. 

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევა განაახლა

"მეძინა, გამომაგდეს და სახლი დამინგრიეს. 7-ზე მოვიდნენ. გვეძინა, გამოგვყარეს და დაგვინგრიეს. ორივე სახლში ვიყავით ხალხი. საწოლები, რაც მოვასწარით, გამოვიტანეთ. დანარჩენი სულ დალეწეს.  

გამოტანაც ვერ მოვასწარი, სულ ბულდოზერებით დაანგრიეს. 2010-დან ამ სახლს ვაშენებ. გაფრთხილება არ მოსულა, დილის 7 საათზე დაგვადგნენ და სახლი დაგვინგრიეს. 2010-ის მერე 4 დღის წინ იყო პირველი გაფრთხილება. [..] აფხაზეთიდან დევნილი ვარ, არაფერი ქონება არ მაქვს, სადაც უნდათ, იქ ნახონ" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.  

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოს აშენებული შენობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. 

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტიანი სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და დასძინა, "დავამთავროთ ეს უმსგავსობა".

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები