სომხეთი

სომხეთში, აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რეგიონში პროტესტის გამო ფაშინიანმა ვიზიტი შეწყვიტა

ნიკოლ ფაშინიანი სიუნიკის რეგიონის სოფელ სარნაკუნკში
ფოტო: Nikol Pashinyan/Facebook

დღეს, 21 დეკემბერს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან მოსაზღვრე სიუნიკის რეგიონში ჩავიდა, თუმცა რეგიონის მოსახლეობის პროტესტის გამო მან ვიზიტი შეწყვიტა. ფაშინიანმა მხოლოდ ქალაქ სისიანსა და სოფელ სარნაკუნკში შეძლო ჩასვლა. თავდაპირველად პრემიერმინისტრი გეგმავდა სისიანში, გორისში, კაპანსა და მერგიში ვიზიტს.

"არ წამოვეგებით პროვოკაციებს. დღეს ჩვენ შევხვდით სიუნიკის მოსახლეობას და პატივი მივაგეთ სამხედრო მოსამსახურეების საფლავებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს". – თქვა პრემიერმინისტრმა.

თავის Facebook-გვერდზე ფაშინიანმა დაწერა, რომ გლოვის დღეს ძალადობრივად არ მოიქცეოდა და ერევანში ბრუნდებოდა. სომხეთში სამდღიანი გლოვა არის გამოცხადებული.

სიუნიკში ჩასვლამდე, გზაში ფაშინიანი თავის Facebook-ის გვერდზე პირდაპირ ეთერში გავიდა და თქვა, რომ იქარა მდგომარეობის გასამწვავებლად, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩავიდა.

სიუნიკის რეგიონის მოსახლეობამ დილიდან საპროტესტო აქციის გამართვა დაიწყო და სიუნიკში შემავალი გზა გადაკეტა, რათა ფაშინიანი რეგიონში არ შეეშვათ. სიუნიკის მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ვიზიტის წინა ღამეს რეგიონში 2000 პოლიციის თანამშრომლის მობილიზება მოხდა. აქციაზე ისმოდა ლოზუნგები "ნიკოლ - მოღალატე!".

პროტესტისა და გზის გადაკეტვისაკენ მოსახლოებას მოუწოდა ქალაქ გორისის მერმა, არუშან არუშანიანმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ გორისის მერი დააკავეს. გორისის ვიცე-მერის ინფორმაციით, არუშანიანის დაკავების მიუხედავად, აქცია გაგრძელდებოდა.

"ეს არ არის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი და არ არის რომელიმე პარტიის ინიციატივა, ეს არის სიუნიკელების ბრძოლა ღირსებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ფიზიკური არსებობისთვის. [ეს არის] საერთო სომხური დაუმორჩილებლობის გამოვლენა. ჩვენ უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობას მემკვიდრეობით წინაპრების მიწა". – წერდა არუშან არუშანიანი თავის Facebook გვერდზე ფაშინიანის ვიზიტის წინა დღეს.

ბოლო დღეებში სომხეთში გამწვავდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის დემარკაციის საკითხი. სასაზღვრო რეგიონის, სიუნიკის, მცხოვრებლები თვლიან, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფარგლებში, საზღვართან აზერბაიჯანის არმიის ახალი სამხედრო პოსტების განლაგება მათ უსაფრთხოებას ემუქრება. ისინი დემარკაციის პროცესში დაცვას მოითხოვენ.

დემარკაციის ფარგლებში, ახალი საზღვრის გატარების შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილი და დასახლებულ პუნქტებთან არსებული სტრატეგიული სიმაღლეები, რომლებიც აქამდე სომხეთის ნაწილი იყო, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. გარდა ამისა, გორის-კაპანის დამაკავშირებელი 21 კილომეტრიანი გზის გარკევული მონაკვეთებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ახლად განსაზღვრულ საზღვარზე განთავსდებიან რუსი სამშვიდობოები. 19 დეკემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გორის-კაპანის გზის უსაფრთხოება რუსი სამშვიდობოების მიერ იქნება უზრუნველყოფილი.

მთიანი ყარაბაღის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სომხეთში ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგმას ითხოვს. 17 დეკემბერს ოპოზიციამ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 22 დეკემბერს პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ეროვნულ გაფიცვას შეუერთდნენ.

16 დეკემბერს ფაშინიანმა თქვა, რომ მასზე არ არის დამოკიდებული ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და მსგავსი გადაწყვეტილება სხვა საპარლამენტო პარტიებთან უნდა შეთანხმდეს.

პრემიერმინისტრის თქმით, ის გადადგომას არ აპირებს და ამბობს, რომ ისაა პასუხისმგებელი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. რეგიონში ასევე განლაგდებიან რუსი სამშვიდობოები.

რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

სომხეთის მიერ განცხადების ხელმოწერას ქვეყანაში საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა. 10 ნოემბერს მომიტინგეები მთავრობის შენობაში და პარლამენტში შეიჭრნენ. ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

ფაშინაინს გადადგომის ულტიმატუმი 11 ნოემბერს გამართული აქციაზე წაუყენეს. პროტესტის მონაწილეებმა ფაშინიანს გადადგომისათვის დრო შუაღამემდე მისცეს, თუმცა მან ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა. მოგიანებით, პრემიერმინისტრს ხელახლა წაუყენეს ულტიმატუმი და ფაშინიანის გადადგომისთვის დრო 8 დეკემბრამდე მისცეს, ფაშანიანმა ამ ჯერზეც უარი თქვა ულტიმატუმის შესრულებაზე.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები