სომხეთი

ფაშინიანის თქმით, სომეხთა სამოციქულო ეკლესია "გადასახადებს უნდა იხდიდეს"

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი

21 აპრილს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომეხთა სამოციქულო ეკლესია გადასახადებს უნდა იხდიდეს, ხოლო სამღვდელოებაზე საგადასახადო დეკლარაციის სისტემა უნდა ვრცელდებოდეს.

საზოგადოებაში სამღვდელოების "ინტეგრაციასთან" დაკავშირებით ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს შემოსავლების დეკლარირების საყოველთაო სისტემა აქვს და არ შეიძლება, რომ ეს სისტემა სამღვდელოებაზე არ ვრცელდებოდეს.

"არ შეიძლება, რომ სამღვდელოების წარმომადგენლები უნივერსალური საგადასახადო დეკლარაციის სისტემის მიღმა იყვნენ. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეკლესია გადასახადებს უნდა იხდიდეს," განაცხადა ფაშინიანმა პარტია "საზოგადოებრივი კონტრაქტის" საარჩევნო პლატფორმის წარდგენისას. 

"ეკლესია სახელმწიფოსგან განცალკევებულია, მაგრამ ვერ იქნება სახელმწიფოს მიღმა," განმარტა მან. 

"სომხური სამოციქულო ეკლესია გარკვეულ აქტივობებშია ჩართული და გადასახადებს უნდა იხდიდეს. მზად ვართ, უკან დავაბრუნოთ სომხური სამოციქულო ეკლესიისგან მიღებული ყოველგვარი გადასახადების 100% და უფრო მეტიც, სოციალური გარანტიების სახით. ისინი, კტრიჩ ნერსისიანის [გარეგინ მეორე] მეთაურობით, ამაზე რატომ არ თანხმდებიან? იმიტომ, რომ მათ ფარული მოქმედებები სურთ და არ უნდათ, რომ ეკლესიის ან სახელმწიფოს მიმართ იყვნენ პასუხისმგებელნი." – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა. 

პლატფორმის წარდგენისას ფაშინიანმა ეკლესიაში ზოგადი რეფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რადგან, მისი თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკლესიის ხელმძღვანელობის ნაბიჯებმა მრევლის "გაუცხოება" გამოიწვია. 

სომხეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ სომეხი ხალხის გადასაწყვეტი იქნება, მისაღებია თუ არა ის, რომ "კტრიჩ ნერსისიანმა [გარეგინ მეორე] უკვე დიდი ხანია ეკლესია პოლიტიკურ პარტიად აქცია და დღეს ეკლესია, რომელმაც სულიერი ქადაგება დაივიწყა, პოლიტიკური ქადაგებით არის დაკავებული". 

"ჩვენი წმინდა სალოცავი, წმინდა ეჩმიაძინის დედა საყდარი, შეურაცხყოფილი და დასნეულებულია, და ხალხმა გადაწყვეტილება არჩევნების დროს უნდა მიიღოს". – თქვა ფაშინიანმა. 

ფაშინიანის მიერ წარდგენილი გეგმა მოიცავს გარეგინ II-ის გადადგომას, მის ნაცვლად მოსაყდრის არჩევას, სამოციქულო ეკლესიის ქარტიის მიღებას, ფინანსურ გამჭვირვალობას, სამღვდელოების სათანადო ქცევას, ახალი კათოლიკოსის არჩევასა და სხვა ზოგად რეფორმებს, რათა სომხური სამოციქულო ეკლესია პოლიტიკას ჩამოშორდეს. 

სომხეთში მომდევნო საპარლამენტო არჩევნების გამართვა 7 ივნისს იგეგმება.

კომენტარები