არჩევნები 2020

პარტიას, რომლის ლიდერი არ დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო ცენზს, რეგისტრაცია გაუუქმდება

ტაბულა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაინიცირდა. ცვლილება ლიდერის გამო საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის ახალ წესს განსაზღვრავს. 

კანონპროექტის მიხედვით, თუ პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციაში ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს, ცესკო-ს განკარგულებით, საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ არსებული რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მიმართ "არაკეთილმოსურნედ" განწყობილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საარჩევნო პროცესში საზიანოდ ჩარევის რისკებს.

"საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს საარჩევნო სუბიექტის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც მის წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. ეს კი, ერთი მხრივ, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ აკავებს საქართველოსადმი არაკეთილმოსურნედ განწყობილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩვენი ქვეყნის საზიანოდ ჩარევის რისკებს; მითუმეტეს, ეს რისკები გაზრდილია იმ პირობებში, როდესაც საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.

მნიშვნელოვანია, რომ თუ პირი საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს, შესაბამისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მათ ორმხრივად (როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ისე საარჩევნო სუბიექტს) ეკისრებოდეთ". – ნათქვამია კანონპროექტში პირველი არხის ცნობით. 

ამ კანონპროექტის შესახებ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა. კობახიძის თქმით, ექსპრეზიდენტი არ აკმაყოფილებს "ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს" და ის ქვეყანას პრობლემებს უქმნის.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, ბოლო არჩევნებში ოფიციალურად 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა.

კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. ომბუდსმენის თქმით, მსგავსი განცხადებები აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს და თუ კანონპროექტი ინიცირებული იქნება, სახალხო დამცველის აპარატი მზად არის, სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს.

კომენტარები