2010 წლის მიწურულს ვიფიქრეთ კარგი იქნებოდა, რომ ტაბულას საახალწლო გამოშვების მთავარ თემად, მკითხველისთვის პირველი ლედის პროფილი შეგვეთავაზებინა. ინტერვიუზე მოლაპარაკება უკვე დაწყებული გვქონდა. გაგვიხარდა, როდესაც დაგვთანხმდა. დაემთხვა, რომ სანდრა დეკემბრის პირველ დღეებს თავის მშობლიურ ქალაქში ატარებდა, დედ-მამასთან. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ მოგვინდა და 4 დეკემბერს, 4 დღით ჰოლანდიაში წავედით - მე, სანდრო ჯანდიერი, დიმა და კოვზირა. კოვზირას 7 დეკემბერს დაბადების დღე ჰქონდა, ბილეთი აიღო და დაგვემგზავრა. ეს ის დროა, როდესაც ევროპაში საშინელი ყინვებია და აეროპორტები შეფერხებით მუშაობს, მოგზაურობა გართულებულია. გადავწყვიტეთ მიუნხენის ნაცვლად, ტრანზიტად სტამბული აგვერჩია. იმ მიზეზით, რომ სამხრეთით, ასაფრენი ბილიკების მოყინვის ალბათობა უფრო დაბალი იყო. როგორც გაირკვა, სულ ტყუილად - უკანა გზაზე, სტამბული თბილისის რეისი გაუქმდა და ერთი დღე დაგვაგვიანდა. მიზეზი - ნისლი თბილისში. სტამბულში მშვიდობით ჩავედით. აეროპორტში ვისაუზმეთ. კარგ ხასიათზე ვართ. გეგმა ასე გამოიყურება - ამსტერდამში დილით ადრე ჩავდივართ, აეროპორტში ვქირაობთ მანქანას, მთელი დღე ქალაქში ვართ და მეორე დილით, ამავე მანქანით ტერნეზენისკენ მივდივართ. სანდრამ ორი დღე დაგვითმო. შემდეგ ისევ ამსტერდამი და თბილისი - სტამბულის გავლით. თვითმფრინავში შევედით თუ არა, მივხვდით არაორდინალურ ვითარებაში ვართ - რეისს ასრულებს Boeing -777, დიდი თვითმფრინავი, რომელიც როგორც წესი ტრანსატლანტიკურ მარშრტუტზე დაფრინავს და არა ევროპის რეისებზე. თვითმფრინავი სავსეა თეთრებში გამოწყობილი მუსლიმებით. აშკარაა, რომ საიდანღაც ერთად მოდიან. მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ შემდეგ გამოვიძიე - თურმე 2010 წელს 7 დეკემბერს მუსლიმური ახალი წელი ყოფილა, ეს ადამიანები კი მექაში იყვნენ და იქიდან წმინდა, ზამზამის წყალი მოჰქონდათ. ლეგენდის მიხედვით ამ ადგილას აბრაამის შვილს, მწყურვალ ისმაელს დაურტყავს ხელი და წყალს ამოუხეთქია. საიდან ვიცი რომ წყალი მოჰქონდათ, ამაზე მერე, ახლა იმას ვიტყვი, რომ ზამზამის წყლის უვნებლობა სულ ცოტა ხნის წინათ ეჭვქვეშ დადგა - ბრიტანეთის საკვების სტანდარტების სააგენტო მიიჩნევს, რომ მათ ბაზარზე შეტანილი წმინდა წყალი დასაშვებზე მაღალი დოზით შეიცავს კარცეროგენულ ნივთიერებას. ამის მიუხედავად, წყალზე მოთხოვნა კვლავინდებურად ძალიან მაღალია. თბილისში, რეგისტრაციის გავლისას, თურქული ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ზრდილობიანი ღიმილით დაგვიდასტურა, რომ ჩვენ ოთხნი ერთად მოვთავსდებოდით. არ მოვუტყუებივართ - ოთხივენი ერთად დავჯექით. ოღონდ არა გვერდივერდ, არამედ ერთმანეთის უკან, ან წინ... მოკლედ, როგორცაა. ყველანი დერეფნისკენ ვისხედით, მწკრივში, გვერდს კი თეთრი წყვილები გვიმშვენებდნენ. ძილი გამიჭირდა - ჩემს გვერდით მსხდომ მგზავრებს მთელი რეისის განმავლობაში, მეზობლები უახლოვდებოდნენ და რაღაცას უყვებოდნენ. პერიოდულად ამათ უნდებოდათ გასეირნება და უნდა გამეტარებინა. თუ არ საუბრობდნენ - ახველებდნენ. ხველა თითქოს კომუნიკაციის ფორმა იყო, საიდანღაც მუდმივად ისმოდა. “ნერვიული, უწყვეტი დიალოგის რეჟიმი” - ასე დაახასიათა შემდეგ სანდრომ. მოკლედ - ვერ მოვისვენე. -სულ რატომ ახველებენ? - ვეკითხები კოვზირას. რა იცის კოვზირამ. მაინტერესებდა საიდან მოდის ეს ხალხი. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამას ჩემთვის ნაცნობ ვერცერთ ენაზე ვერ გავარკვევდი. ამასობაში ამსტერდამთან მიახლოვება გვახარეს და გვთხოვეს ღვედებიშეგვეკრა - დაღლამ გამიარა და დანარჩენებს შევეხმიანე… ყველა კმაყოფილი სახით იჯდა, სანდროს გარდა. იმას სულ უკმაყოფილო სახე აქვს. ტელევიზორებში თვითმფრინავის ტრაექტორიას გვიჩვენებდნენ, მოვეწყვე დასაშვებად და ეკრანს დავაშტერდი. გავიდა 10-20-40 წუთი - ვხედავ, და შეიძლება ითქვას ვგრძნობ, რომ ჩვენი თვითმფრინავი დაეშვება, წრეზე წავა, აფრინდება, შემდეგ ისევ დაეშვება და იგივე… მოკლედ რაღაცას ვერ შვება. ველოდები როდის გამოაცხადებენ რა ხდება, მაგრამ უშედეგოდ. ვერ ვიტან, როდესაც არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს. მინდა სტიუარდი გამოვიძახო და ვკითხო რას ნიშნავს, რომ ისეთი ავიაკომპანიის რეისზე, როგორიც მათია არავინ გვიხსნის რა ხდება და რატომ ჭიანურდება დაშვება, მაგრამ თავს ვიკავებ, მე-13 გოჭობა მეზარება, მინდა სხვამ დასვას ესოდენ ლეგიტიმური შეკითხვა. როგორც იქნა, სიჩუმეს აღშფოთებული ხმა არღვევს. მიხარია, მიუხედავად იმისა რომ ვიცი - ეს ხმა ჩემია. - რას ვაკეთებთ? რატომ არავინ გვიხსნის? - შემოვტრიალდი და ვკითხე თავის ადგილზე მიჯაჭვულ სტუარდს. გზად დიმას სოლიდარულ გამომეტყველებას გადავაწყდი. დანარჩენ მგზავრებს გადავხედე - მიყურებენ - ჯერ ჯერობით მეც არ მეუბნებიან - მომიბოდიშა მან და ტელეფონს დაავლო ხელი. ცოტა ხანში გამოგვიცხადეს, რომ ყინვის გამო თვითმფრინავი ამსტერდამის ნაცვლად კიოლნში დაჯდება. ეგ არაფერი, გავიფიქრე. კიოლნში ჩავალთ, მანქანას ვიქირავებთ - ისედაც ხომ უნდა გვექირავა და 3 საათში ამსტერდამში ვართ. მაგრამ ტყუილად მიხარია. როგორც ირკვევა, იმედი იმისა, რომ ამსტერდამის აეროპორტი შეძლებს თვითმფრინავის მიღებას, არ გადაწურულა. ცოტა ხანში შესაძლოა კიდევ ვცადოთ და გავფრინდეთ - შესაბამისად, კიოლნში თვითმფრინავიდან არ გვიშვებენ და ადგილების დაკავებას გვთხოვენ. გავიდა 4 საათი. სიგარეტის მოწევა მინდა. გამცილებლების საყურადღებოდ მინი მიტინგს ვატარებ, გარშემო თურქულ ენაზე მოსაუბრე “მხარდამჭერები” მყავს შემოკრებილი. რასაც ვამბობ, მეთანხმებიან მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა არ ესმით. გრძნობენ, რომ მათ ინტერესებშია რისთვისაც “ვიბრძვი”. კოვზირაც იქვეა. ვითხოვ, დაცალონ თვითმფრინავი კიოლნში და მგზავრები ავტობუსებით გადაიყვანონ ამსტერდამში ან სადაც უნდათ, ვუხსნი რომ 8 საათი თვითმფრინავში გაუთვალისწინებელი ჯდომა არაჰუმანურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი მარტივი გამოსავალი არსებობს. იქვე რამდენიმე აღშფოთებული ევროკავშირელი მიქნევს თავს თანხმობის ნიშნად. სანდრო მედიდური გამომეტყველებით დაიარება. აშკარად შეწუხებულია, მაგრამ აქტიურობის თავი არ აქვს. დიმაც სადღაც დადის. მექადან მომავლები უშფოთველად არიან, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო - შესაბამის დროს ილოცეს, ქალები თვითმფრინავის სკამებზე წამოწვნენ და დაიძინეს, კაცები ერთმანეთში საუბრობენ. 5 საათიანი ბორგვის შემდეგ, თვითმფრინავიდან ჩაგვიშვეს და ბარგის გადმოცლა დაიწყეს. ვუყურებ ბარგის კარუსელს, ვხედავ მოდის უფერო სითხით სავსე კანისტრა, ერთი, ორი, სამი, ათი, ასი… გავიდა 1 საათი, კიდევ კანისტრა. ახლა ვიცი, რომ წმინდა წყალია, მაშინ არ ვიცოდი. როგორც იქნა დამთავრდა. მოდის ბარგი, ნელ-ნელა, თითო-თითო, წვეთ-წვეთად… გავიდა კიდევ ერთი საათი, ორი საათი, მოვიდა კოვზირას ჩანთა, შემდეგ დიმა, სანდრო. ჩემი? ჩემი არ მოდის. გავგიჟდი. კიოლნში პატარა აეროპორტია. თანამშრომელმა მოგვიბოდიშა, ბარგის მოწოდებაში შეფერხებები გვექნება - გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, მითუმეტეს ამხელა თვითმფრინავის მისაღებად, მზად არ ვართ, აეროპორტის მასშტაბიდან გამომდინარეო. - რატომ ჩემი ბარგი? - ვსვამ კითხვას და სანდროს, დიმას და კოვზირას ვუყურებ, რომლებმაც ჩემთან დისტანცია გაზარდეს და ერთად დგანან შეწუხებული სახეებით. “აუ კაროჩე, ბოლომდე …ვენ?” კითხულობს კოვზირა. თავს იწყევლიან, რომ ჩემი ჩემოდანი დაიკარგა და არა სამივესი ერთად. ამ დროს მოვიდა. სულ ბოლო. ჩავეხუტე. უკვე საღამოს ექვს საათია. ავიაკომპანიის შემოთავაზებულ ავტობუსზე უარს ვამბობთ. მისგან მხოლოდ ის გვინდა, რომ თავი დაგვანებოს. მანქანის საქირავებლად მივდივართ. რეზერვაცია არ გამიკეთებია. მანქანა მხოლოდ Europecar-ს დარჩა, Renault Kangoo, ისიც ზაფხულის საბურავებით. არაუშავს. - ხელი უნდა მომიწეროთ, რომ გაგაფრთხილეთ საბურავების შესახებ, ღიმილით მთხოვს კომპანიის აგენტი გოგონა. საბუთებს ვაფორმებთ. სადღაც შვიდის ნახევარზე მანქანაში ვსხდებით და ამსტერდამისკენ მივდივართ. მაინც გვიხარია - გზა მოყინულია, მაგრამ ნორმალურად თუ ვივლი საღამოს 9 თვის იქ უნდა ვიყოთ, სასტუმროში ბარგს დავყრით და სასეირნოდ გამოვალთ, შევჭამთ, რედ ლაითზე გავისეირნებთ - კოვზირა პირველადაა. ამსტერდამში შევედით, თოვლი, ნისლი, სინათლე, დაბრეცილი ფანჯრები, ველოსიპედები, საშობაო გირლიანდები… სამწუხაროდ GPS-სი არ გვაქვს - აღარ ჰქონდათ და ვერ ვიქირავეთ. ამიტომ ცენტრში პირველივე სადგომზე ვჩერდები, რომ რუკით იმ მისამართის ძებნაზე, სადაც 20-ჯერ მაინც ვარ მანქანით ნამყოფი, მაგრამ მაინც ვერ ვაგნებ, დრო არ დავკარგოთ. საშობაოდ მორთულ, უფრო სწორად ბეთლემის სცენად გადაქცეულ რემბრანტის მოედანზე, სასტუმროში ტაქსით მივდივართ. კარანზაში ორი ნომერი გვაქვს აღებული, ერთში დიმა და კოვზირა შედიან, მეორეში მე და სანდრო. ლიფტში კოვზირა სანდროს კომპუტერს ახსენებს. - მანქანაში დავტოვე, რად მინდოდა - პასუხობს სანდრო. ირკვევა, რომ კომპუტერი კოვზირამ გადმოდო მანქანიდან და ქუჩაშია. ნეტა კიდევ რა დაგვემართება? გადავხედეთ ერთმანეთს და ოთახში წავედით მოსაწესრიგებლად. სანდრო მანქანასთან მიბრუნებას აპირებს. ეგებ კომპუტერს მიაგნოს. ამასობაში დიმა რეკავს, რესეფშენიდან დარეკეს, ვიღაცას თქვენი ჩანთა უპოვია, მისამართი დატოვა და მიაკითხეთო. გაგვახსენდა - სანდროს, როგორც ჩემზე მოწესრიგებულ ადამიანს, სასტუმროს რეზერვაციები მივაბარე და პასპორტთან ერთად კომპუტერის ჩანთაში ჩადო. ჟრუანტელმა დაგვიარა, როცა წარმოვიდგინეთ რამხელა ხათაბალა ავიცილეთ პასპორტის პოვნით თავიდან. რას ვიზამდით, 11 საათზე შევიკრიბეთ ოთხივენი და გავემართეთ უკან, მანქანისკენ. იქ უნდა შევხვედროდით იმ კეთილ ადამიანს, რომელმაც ჩვენი ჩანთა იპოვა. - ოცი ევრო აჩუქე, - გამოვუცხადე უცებ სანდროს. იმან შეშფოთებულმა გამომხედა. არ მოეწონა რაც ვუთხარი. - როგორ ვაჩუქო, მერიდება. - აი ასე, აიღე 20 ევრო და აჩუქე, - დავიჟინე მე. დიმა და კოვზირა იცინიან. - რა გაცინებთ, ვერ დაინახეთ ის კაცი პარკინგის ფულის გადახდაში რომ დამეხმარა (ავტომატი ჰოლანდიურად მელაპარაკებოდა, ინგლისურზე ჯიუტად არ გადადიოდა და იქვე მყოფი ბარის ბინადარი დავიხმარე, მითარგმნა, ამსტერდამში ხომ ყველა საუბრობს მინიმუმ 4 ენაზე), თუ მაგან იპოვა - 20 ევროს აჩუქებ, რამეს დალევს … კარგია… მოკლედ, აჩუქე სანდრო - ვაგრძელებდი მე. ამასობაში მივედით. კოვზირა და დიმა ტაქსიში დარჩნენ. მე სანდროს წავყევი, ის არ აჩუქებდა 20 ევროს, მე უნდა მეჩუქებინა. დავიჩემე. მითითებული მისამართი საცხოვრებელი სახლი აღმოჩნდა. დავრეკეთ ზარი და ჩვენ წინ მაღალი, ლამაზი, ახალგაზრდა, როგორც იტყვიან - ჯანმრთელი ჰოლანდიელი ქალი გაჩნდა გრძელი ქერა თმებით და სანდროს კომპუტერის ჩანთით ხელში. - ცოტა ხნის წინ ვიღაცამ ზარი დარეკა, გავაღე, ეს ჩანთა ეჭირა და მკითხა თქვენი ხომ არ არისო, ჯიბეში ჩავიხედე და სასტუმროს რეზერვაცია ვნახე, მივხვდი იქ იქნებოდით - მოგვაყარა ენერგიულად. - დიდი მადლობა - უთხრა სანდრომ და წარბშეკრულმა გადმომხედა, არ გაბედო, 20 ევრო არ მისცეო. - ერთი წუთით დამელოდეთ, დავიყვირე და მანქანისკენ წავედი, კარალიოკი გამახსენდა! თბილისიდან წამოსვლამდე, სანდრას ვკითხე მის მშობლებს რა გაუხარდებოდათ. მითხრა კარალიოკი უყვართ და თუ შეძლებ, ცოტა წამოიღეო. ვიყიდეთ ორი კილო და მანქანაში გვქონდა დატოვებული, ტერნეზენში წასაღებად. - აი თქვენ საჩუქრად - ვუთხარი დაბრუნებულმა, სანდროს გამარჯვებულის მზერა ვესროლე და მასპინძელს 5 თუ 6 კარალიოკი გავუწოდე. ჩვენმა მხსნელმა ხილი გაკვირვებანარევი მხიარულებით ჩამომართვა და კარი მოხურა. - ყოჩაღ! - გადმომხედა სანდრომ და ტაქსისკენ დავიძარით - ისე, ეგ ქალი პასპორტში ჩემს ვიზასაც შენიშნავდა - 1 წლიანი მოვითხოვე და 4 დღიანი ჩამირტყეს. - აუ ის ხალხი, თვითმფრინავში, რამდენს ახველებდა არა? - ჰო.
კარალიოკი
tbl.ge/quh
დაკოპირდა




