არჩევნები 2020

კაპანაძე: იმავე კაბინეტის ნომინირება მეტყველებს, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისათვის მომავალ მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურების წარდგენას ეხმაურება. კაპანაძის თქმით, იმავე კაბინეტის წარდგენა და მომავალში ერთპარტიული პარლამენტის მიერ ამ კაბინეტის დამტკიცება კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს.

"იმავე კაბინეტის ნომინირება, თან გაყალბებული არჩევნების და ამ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ამ კაბინეტის დამტკიცება კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს, რომ კაბინეტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფიგურები, რომლებმაც შეცვალეს წულუკიანი და სხვა ოდიოზური პირები, უბრალოდ ნომინალური ფიგურები არიან და რეალურად ამ მთავრობას არც უნარი შესწევს და არც სურვილი, რომ რაიმე გამოასწოროს, რომელიმე კრიზისი დაძლიოს - ან პოლიტიკური, ან ეკონომიკური ან ჯანდაცვის კრიზისი". – თქვა კაპანაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მე-10 მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. გახარიას მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი იცვლება.

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო.

კომენტარები