აფრიკის დასახლება

მერია: მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 დღეში დაანგრიონ სამგორში გამოვლენილი უკანონო შენობები

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მოქალაქეებს მოუწოდებს, 4 დღეში განახორციელონ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. უწყების ცნობით, ტერიტორიაზე 7 ასეთი შენობა-ნაგებობა გამოავლინეს.

"ინსპექციის თანამშრომლებმა, ვინაიდან კანონდამრღვევები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს. კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, უმოკლეს ვადაში დაგვიკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და თავად მოახდინოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ოთხი დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, კანონის შესაბამისად დაიწყებს ამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თბილისის მუნიციპალიტეტი არ  და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს. მუნიციპალური ინსპექცია მაშტაბურ რეიდებს ატარებს და თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება". – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერია უნებართვოდ აშენებულ შენობებს ანგრევს, მოქალაქეების პროტესტისას 12 ადამიანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს, ერთი კი პოლიციელზე ძალადობის მუხლით. მათგან 12 გუშინ, 16 დეკემბერს გაათავისუფლეს.

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელიბა არ აქვს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტიანი სერვისებით ვერ პასუხობს, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია".

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და "დაემთავრებინათ ეს უმსგავსობა".

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები