არჩევნები 2020

ელისაშვილი: სასაცილოდ გამოიყურება ოპოზიცია, მხოლოდ ჩვენ და გირჩი არ ვართ ასეთ დღეში

droa.ge

"სასაცილოდ გამოიყურება ოპოზიციის ნაწილი, ჩვენ და გირჩი არ ვართ მხოლოდ ასეთ დღეში" - თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში. მისი აზრით, ქართული ოცნება და ოპოზიციის ერთი ნაწილი ყველაფერს აკეთებენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად. 

"რატომ გაიხადა სასაცილოდ თავი ოპოზიციამ? თან რომ იძახი ბოიკოტიო... სასაცილოდ გამოიყურება ის ნაწილი, ჩვენ და გირჩი არ ვართ მხოლოდ ასეთ დღეში, რომლებმაც თან თქვეს, ბოიკოტი გვაქვსო და თან ჩუმად ცესკოში განცხადებები დაწერეს, ფული მოგვეცითო, რატომ ეგონათ თეთრ ცხენზე ამხედრებული კეთილშობილი რაინდი კობახიძე? რატომ არ დაფიქრდნენ, რომ ამას კობახიძე გამოიყენებდა და მათ წინააღმდეგ გამოიყენებდა, რატომ იგდებს თავს ოპოზიციის ნაწილი სასაცილოდ?" - კითხულობს ელისაშვილი და იქვე დასძენს, რომ იცის, რატომაც.

"იმიტომ, რომ ორად ორი რამ აინტერესებდა ოპოზიციის ერთ ნაწილს, დაფინანსების მიღება და მოლაპარაკების მაგიდის აყირავება, რომ აემღვრია სიტუაცია, ქვეყანა ქაოსისკენ წაეყვანა და ამ მღვრიე წყალში რაღაც თევზი დაეჭირა" - თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა.

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 51-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებს, პატრიოტთა ალიანსს და გირჩის სამ წევრს არ მიუმართავს. პატრიოტთა ალიანსი აცხადებს, რომ ისინი დაწერენ მანდატის შეწყვეტაზე განცხადებას, გირჩის ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას იმედი აქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი გადაიფიქრებს და განცხადებას უკან გამოითხოვს, ხოლო მოქალაქეები მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან.

უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ცნობით, გუშინ, 16 დეკემბერს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს იმ პარტიებისთვის, რომელთა წევრებმაც მანდატებზე უარი თქვეს. 

კანონპროექტს ირაკლი კობახიძე "საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართულს" უწოდებს. მისივე განმარტებით, გარდა დაფინანსების შეწყვეტისა, პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობისა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროით ვერ ისარგებლებენ. 

კომენტარები