თბილისის მერია

მერია აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებულ შენობებს ანგრევს

ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევა დაიწყო. 

როგორც კადრებში ჩანს, ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული. შენობების ნგრევას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.

"ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია. გაფრთხილება მიღებული გვაქვს, მაგრამ ვცხოვრობთ 2 პატარა ბავშვით. სად წავიდეთ? ქირის საშუალება არ გვაქვს. ბანკიდან გამოვიტანე თანხა, რომ ავაშენო, პატარა ბავშვები ქუჩაში რომ არ მყოლოდა. აგვაშენებინეს და რომ დამთავრდა, მერე მოდის ზედამხედველობა. მანამ, სანამ მე მიწა გავთხარე, ეთქვათ, არ გააკეთოთო". – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა." 

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.  

EMC-ის განცხადების მიხედვით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისული მდგომარეობის პარალელურად, უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის არარსებობა და საცხოვრისის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ საკუთარი ვალდებულებების არასაკმარისი გააზრება უამრავი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების საფუძველი ხდება. ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, მიუსაფარი პირების დაუყოვნებლივი იდენტიფიცირების, მათი ფიზიკური გადარჩენისა და მხარდაჭერის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი თავისი ინიციატივით უსახლკარო ადამიანების პოტენციურ რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პირდაპირი საფრთხის ქვეშ აყენებს.

კომენტარები