არჩევნები 2020

ვაშაძე: ელჩებზე თავდასხმას ვემიჯნები, ცალკეულ ჟურნალისტს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი აზრი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ის სრულად ემიჯნება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმას. ვაშაძე ასევე ამბობს, რომ ცალკეულ პირს თუ ჟურნალისტს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი აზრი, თუმცა მას არ ეგულება პოლიტიკური პარტია, რომელიც თავს ესხმის ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებს.

"ელჩებთან მიმართებით ყველა თავდასხმას ვემიჯნები, რადგან ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და არა რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერა, არამედ ფასილიტაცია და შეთანხმებისკენ სვლა უნდა მოახდინონ. მესმის ადამიანების, რომლებიც ძალიან დიდი პერსონალური წნეხის ქვეშ არიან, მათი ოჯახის წევრების და ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, გვერდში დავუდგებით, მაგრამ შეტევა საელჩოებსა და ელჩებზე არ მგონია, სწორი პროცესი იყოს ამ შემთხვევაში.

ეს არის კონკრეტული ადამიანების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არცერთ პოლიტიკურ პარტიას მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავს. ცალკეულ პირს თუ ჟურნალისტს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი აზრი. მე არ მეგულება არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც დღეის მდგომარეობით თავდასხმას ახორციელებს ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებზე". – თქვა გიორგი ვაშაძემ პირველი არხის ცნობით. 

ელჩების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ასევე გამოეხმაურა ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძეც. ხაზარაძის თქმით, ის არანაირად არ ეთანხმება იმ კამპანიას და მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში.

ლელოს გარდა, ელჩების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ევროპული საქართველოც გაემიჯნა. გიგა ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სტანდარტებითაც კი, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ მიმდინარეობს "სამარცხვინო და ამაზრზენი დევნა", ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყოს. ევროპული საქართველოს ლიდერის განმარტებით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სტრატეგიული მოკავშირეების, თავისუფალი სამყაროს დიპლომატები საქართველოს მეგობრების წარმომადგენლები და მაშინაც კი, როდესაც ისინი "ძალიან ცდებიან", ეს არ იძლევა მათ წინააღმდეგ კამპანიის წარმოების საფუძველს.

კომენტარები