არჩევნები 2020

ხაზარაძე: არანაირად არ ვეთანხმებით ელჩების წინააღმდეგ კამპანიას, ეს დამაზიანებელია

"არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში". – ამის შესახებ ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ელჩებსაც უთხრეს.

"ეს აზიანებს არამარტო პროცესს, რომელიც მსხვრევადია, არამედ, აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ეს პოზიცია ძალიან მყარად დავაფიქსირეთ".– თქვა ხაზარაძემ.

ლელოს ლიდერის განცხადებითვე, "ის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ვებრძვით და გვინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გამოვტაცოთ მის ერთპარტიულ მმართველობას, არ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ მოწოდებებს წინ არ აღვუდგებით". მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ლელო ყოველგვარ რევოლუციურ მოწოდებას ემიჯნება.

ლელოს გარდა, ელჩების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ევროპული საქართველოც გაემიჯნა. გიგა ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სტანდარტებითაც კი, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ მიმდინარეობს "სამარცხვინო და ამაზრზენი დევნა", ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყოს. ევროპული საქართველოს ლიდერის განმარტებით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სტრატეგიული მოკავშირეების, თავისუფალი სამყაროს დიპლომატები საქართველოს მეგობრების წარმომადგენლები და მაშინაც კი, როდესაც ისინი "ძალიან ცდებიან", ეს არ იძლევა მათ წინააღმდეგ კამპანიის წარმოების საფუძველს. 

კომენტარები