არჩევნები 2020

წულუკიანი ISFED-ზე: არ მჯერა, რომ ეს უნებლიე ხარვეზია, ლამის გადააყირავეს ქვეყანა

"მე არ მჯერა, რომ ეს არის უნებლიეთ გაკეთებული". – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი სამართლიანი არჩევნების განახლებულ PVT შედეგებზე და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ "ISFED-მა ვითომ, უნებლიეთ დაშვებული ხარვეზით და შეცდომით, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა და გაწირა მისი სტაბილურობა".

თეა წულუკიანის თქმით, თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, იქ პირველ რიგში სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე უნდა მივიდეს.

"უნდა მობრძანდეს მისი ორგანიზაცია და უნდა ჩატარდეს საპარლამენტო საგამოძიებო პროცესი, პირველ რიგში, სწორედ ამაზე, რატომ არ დათვალეს სწორად, რატომ გამოაცხადეს ქართული ოცნებისთვის ნაკლები მაჩვენებელი, ვიდრე ეს რეალობაში იყო, მათივე ორგანიზაციის შიგნით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით ჩატარებულმა IT აუდიტმა აჩვენა, რომ მათ მოატყუეს საზოგადოება". – ამბობს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

მმართველი გუნდის შეფასებით, ISFED-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით კი, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო.მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

კომენტარები