არჩევნები 2020

მეგრელიშვილი: თუ 38 დეპუტატი დატოვებს მანდატს, გირჩის მინიმუმ 3 დეპუტატი დავწერთ განცხადებას

ტაბულა

"თუ მოლაპარაკებები საერთოდ არ გაგრძელდება, ოპოზიციის სცენარი მიდის ბოიკოტისკენ და გირჩის პოზიცია არის შემდეგი, როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს თავის მანდატს, ანუ არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი დღევანდელ პარლამენტში, გირჩის მინიმუმ 3 დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ". – ამის შესახებ პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მედიაცენტრ მთავარში თქვა. 

მისივე თქმით, ქართული ოცნების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ნაციონალური მოძრაობის გაუქმებასთან დაკავშირებით, შექმნა ისეთი რეალობა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება საერთოდ არ გაგრძელდეს. თუმცა, მეგრელიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ის გაგრძელდება, კითხვის ისმის შემდეგნაირად -არის თუ არა შანსი, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად ქვეყანამ მიიღოს უფრო მნიშვნელოვანი შედეგი, ვიდრე ეს ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირებაა.

„მაგიდაზე დევს, უხეშად რომ ვთქვათ, 4 წინადადება. ერთი წინადადება არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთან დაკავშირებითაც არ არსებობს განსხვავებული აზრი, შესაბამისად, პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკება გრძელდება, მთელი ოპოზიცია არის ერთიანი. მეორე საკითხი არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი. ეს საკითხი უმრავლესობისთვის არის მთავარი საკითხი, გარდა გირჩისა. გირჩი ამ მოლაპარაკებებში როდესაც ჩავერთეთ, ვთქვით, რომ ეს საკითხი შესაძლებელია გაიცვალოს სხვა მნიშვნელოვან საკითხში. მესამე საკითხი, რომელიც დევს მაგიდაზე, ეს არის, როგორ არ უნდა მოიპარონ შემდგომში არჩევნები, ანუ როგორ უნდა გამოსწორდეს ცესკო ისე, რომ მისი ნდობა იყოს შესაძლებელი". – ამბობს მეგრელიშვილი. 

მისი თქმით, თუ მოლაპარაკებებზე მოხდებოდა მეოთხე საკითხზე, პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმება, ისინი გამოვიდოდნენ და ღიად იტყოდნენ, რომ "პროპორციული არჩევნების დადება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის გაუგებარი პლებისციტი ან ასეთ კრიზისულ ვითარებაში ახალი არჩევნების ჩატარება" 

"მეოთხე საკითხი არის პროპორციული არჩევნები ყველა დონეზე და ყოველთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საპარლამენტო. ეს საკითხი, ჩვენ ყოველთვის წარმოგვედგინა, რომ იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მეორე საკითხი, რომელიც ეხებოდა ვადამდელ არჩევნებსა და პლებისციტს. საქმე ის არის, რომ მეოთხე საკითხთან მიმართებით, წინადადება არის არასრულფასოვანი, ანუ ბოლომდე ისეთი არ არის, რომელსაც ყველა აღფრთოვანებით შევხვდებოდით, ამ წინადადების მიხედვით, ბარიერი კვლავ იარსებებს 3%-იანი, ხოლო შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნები უფრო პროპორციული გახდება, 40/10 -ზე სქემაა შემოთავაზებული თბილისის საკრებულოში.

იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღებდით სრულად პროპორციულ არჩევნებს, გამოვიდოდით და ღიად ვიტყოდით, რომ პროპორციული არჩევნების დადება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის გაუგებარი პლებისციტი ან ასეთ კრიზისულ ვითარებაში ახალი არჩევნების ჩატარება". – ამბობს მეგრელიშვილი. 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. ოპოზიცია და ქართული ოცნება საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნების შესრულებამდე საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. სიები გამოითხოვეს: ენმ – ძალაერთობაშიამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

კომენტარები