არჩევნები 2020

კაპანაძე: მოლაპარაკებებით პოზიციებს არ ვთმობთ, თუმცა აუცილებელია, პროცესი შენარჩუნდეს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისათვის. მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და არა კობახიძე და მისი კოლეგები.

„ამ მმართველობის ერთერთი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ის ადამიანები, ვინც აკეთებენ განცხადებებს, იქნება ეს კობახიძე თუ სხვა მისი კოლეგები, არაფერს არ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი. ამრიგად, მათ განცხადებებს აქვს ჩალის ფასი, როგორც აქამდე არ ჰქონდათ არანაირი ფასი მათ განცხადებებს პროპორციულთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ისევე არ აქვს ფასი მათ განცხადებებს, ამრიგად, ჩვენ ახლა ველოდებით ივანიშვილის გადაწყვეტილებას". –ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ახალი არჩევნები შანსი იქნას გამოყენებული, ოპოზიცია მზადაა, ნებისმიერ მოლაპარაკებაზე წავიდეს, თუმცა კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესსაც თავისი ლიმიტები აქვს და რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ფორმატიც ამოწურავს თავის თავს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეთ, რათა ახალი არჩევნების შანსი იქნას გამოყენებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ წასვლით ან რაიმე პოზიციას ვთმობთ, ან მაინცდამაინც გვჯერა ქართული ოცნების კეთილი ნების და დაპირების, რა თქმა უნდა არა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს შენარჩუნებული იმისთვის, რომ როდესაც იმ ადამიანს გონება გადაუბრუნდება თუ გადმოუბრუნდება და გონს მოეგება, არსებობდეს ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი იქნება ეს შეთანხმება. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ლიმიტები აქვს, რაღაცა პერიოდის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფორმატიც ამოწურავს თავის თავს, მაგრამ ჯერ კიდევ არის მცირე ფანჯარა შესაძლებლობის". – ამბობს კაპანაძე. 

კომენტარები