არჩევნები 2020

ქნირში: ოპოზიციის ეგზოტიკური გამონათქვამებიდან ფავორიტია ქეთევან წამებულთან შედარება

იმედი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა, ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსა და მოლაპარაკებებში უცხოელი დიპლომატების ჩართულობაზე ისაუბრა.

გერმანიის ელჩი გამოეხმაურა ფასილიტატორების გაკრიტიკებას და აღნიშნა, რომ დიპლომატების მიმართ გამოთქმული პრეტენზიების პოლიტიკური მიზეზი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაა. ჰუბერტ ქნირშის თანახმად, დიპლომატების მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული.

"ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა. მინდა, მედიასაც ვთხოვო: ყველაფერი, რასაც იტყვიან, იქნებ არ გადავაქციოთ დიდ მოვლენად, რომელზეც დღეების განმავლობაში იქნება საუბარი". – თქვა ჰუბერტ ქნირშმა.

11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, ხვალ, 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით არცერთი შეხვედრიდან დეტალებზე არცერთ მხარეს არ უსაუბრია.

კომენტარები