არჩევნები 2020

ბათუმში მთავრობის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს 

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები მთავრობის ხელმძღვანელ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. 

"ვაზუსტებთ დაკავებულების რაოდენობას. პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა იყო, რომ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაეტოვებინათ, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. გარკვეული პირები პოლიციას ხელს უშლიდნენ ავტომანქანებით დაკავებულების გაყვანში. არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. მშვიდობიან პროცესს არავინ არ უშლის.

მათ განუმარტა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რომ აღნიშნული შეხვედრა [რიჟვაძესთან​​] ვერ შედგებოდა, განუმარტეს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია და აღნიშნულზე გაღიზიანდნენ". – თქვა ანანიაშვილმა. 

ბათუმში ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები უკვე არაერთი კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს. ისინი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები ახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ისინი ასევე აპროტესტებენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებსაც.

კომენტარები