არჩევნები 2020

პლატფორმა 20/20: ოცნება ეცდება ISFED-ის შეცდომა საზოგადოების დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს

ტაბულა

"პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებამ სამართლიანი არჩევნების რეპუტაცია დააზიანა. ქართული ოცნება ეცდება ეს ფაქტი გამოიყენოს სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციისთვის და მათ მიმართ უნდობლობის განწყობის შექმნისთვის". – ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ თქვა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, სამართლიანმა არჩევნებმა პასუხი გასცეს საზოგადოებაში მის მიმართ გაჩენილ კითხვებს. კერძოდ, ISFED-ი ადრეც, სხვა არჩევნების პირობებშიც ატარებდა თუ არა მეთოდოლოგიის აუდიტს და თუ ატარებდა, რა პერიოდულობით.

"კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება ზოგადი სურათი. ზოგადად, პარალელური დათვლა არ არის იმის ზუსტი დამდგენი, რამდენად იყო არჩევნები გაყალბებული. PVT ასახავს საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებს და სპეციალური მეთოდოლოგიის შედეგად ითვლის, მსგავს შედეგებზე დაფუძნებით ქვეყნის დაახლოებით ჯამურ მონაცემს.

PVT ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელს, ოქმების შემდეგ გადაკეთებასა და ათას მავნებლობას, რამაც ბოლო არჩევნები ყველაზე ცუდ არჩევნებად აქცია ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში". – ამბობს თევზაძე.

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%

  • ევროპული საქართველო – 3.8%

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%

  • ლელო – 3.2%

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%

  • გირჩი – 3.0%

  • მოქალაქეები – 1.3%

  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%

  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების მიერ 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული PVT-ს შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო – 0.9%

მმართველი გუნდის შეფასებით, ISFED-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

კომენტარები