არჩევნები 2020

კობახიძე: ISFED-ის რეაქცია არაადეკვატური იყო, აცდენას, შეიძლება, ქვეყნის აყირავება გამოეწვია

რეალურად, PVT-ს ცდომილება მთავარი საყრდენი გახდა იმაზე სასაუბროდ, რომ არჩევნები გაყალბდა. იმიტომ, რომ არასდროს არ მომხდარა ისე, რომ PVT-ს შედეგები ასცდენოდა ცესკოს მონაცემებს. ეს აცდენა დაფიქსირდა, არ ვიცი, რა და როგორ იყო, დავიჯეროთ [რომ იყო ტექნიკური ხარვეზი]. 

ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალურად რბილი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა სერიოზული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში დაგვიმალეს PVT-ის მონაცემები. ამის მიუხედავად ამისა, ჩვენ გავუფრთხილდით არასამთავრობო ორგანიზაციას, არასამთავრობო სექტორს და გვქონდა საკმაოდ რბილი და მოზომილი რეაქცია ISFED-თან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მათი რეაქცია ამასთან დაკავშირებით იყო, მე ვიტყოდი, არასწორი და არაადეკვატური. არ შეესაბამება იმ პრობლემას, რომელიც შეიქმნა ამ არასწორი PVT-ს გამოქვეყნების საფუძველზე. რეალურად, საუბარი იყო ქვეყნის აყირავების რისკზე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ასეთი მოცემულობით - ქვეყნის აყირავება შეიძლება გამოწვია იმას, რომ PVT ასცდა ცესკოს მონაცემებს. 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში ISFED-ის PVT-ის განახლებულ შედეგებზე. სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

კომენტარები