არჩევნები 2020

ლომჯარია ISFED-ზე: კითხვები რჩება, იმედია, ამომწურავ პასუხებს გასცემენ

მოდით, საკითხები მნიშვნელობის მიხედვით დავალაგოთ და არა სიახლეების:

ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშნელოვანი დისბალანსები, ჩასწორებები, გადაკეთებები. დაფიქსირდა ჩაყრები, ე.წ. კარუსელები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით დაიწერა ასობით საჩივარი, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ/სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, განეხილათ, ემსჯელათ, გაეხსნათ და გადაეთვალათ უბნების მასალები. მათ არ შეასრულეს ის ვალდებულება, რის შესრულებასაც კანონი ავალდებულებთ.

არჩევნების დღეს იდენტიფიცირებულ პრობლემებს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი განხილვები რომ მოჰყოლოდა, დღეს ჩვენი დემოკრატია სულ სხვა დონეზე იქნებოდა! მძიმეა ფიქრი იმაზე, სად ვართ ახლა ან რამდენი წლით დავიხიეთ უკან, რამდენი წელი დავკარგეთ, სანამ იმას მივაღწევთ, რაც აქვე იყო და შესაძლებელი იყო.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-მა PVT-ს ერთ-ერთ კომპონენტში, კერძოდ, არჩევნების შედეგების გამოცხადების ნაწილში დაუშვა შეცდომა. ისფედი ბრენდია, რომელიც ნდობას იწვევს და ამიტომაა ამ ფაქტით ამდენი იმედგაცრუებული ადამიანი. თუმცა, ორგანიზაციამ იზრუნა იმაზე, რომ საკუთარი მონაცემები კრიტიკულად შეეფასებინა და შეცდომა აღიარა.

კითხვები რჩება და იმედია, ამ შეკითხვებს ორგანიზაციის წარმომადგენელი პირები ამომწურავ პასუხებს გასცემენ.

და ბოლოს, მინდა მივმართო იფედის წევრებს, თანამშრომლებს, დამკვირვებლებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე კეთილსინდისიერი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები. თქვენ არ დაგიზოგავთ თავი საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თქვენი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშნელოვან როლს ასრულებთ. მინდა, იყოთ მხნედ და საკუთარ თავში რწმენით გააგრძელოთ დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეების კეთება!

წერს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ISFED-ის PVT-ის განახლებულ შედეგებზე. სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

კომენტარები