არჩევნები 2020

ელისაშვილი ISFED-ის განცხადებაზე: ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას

droa.ge

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაში (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილ ხარვეზებს შეეხება. ელისაშვილის თქმით, განცხადება ოპოზიციას ძალიან ასუსტებს და დარტყმას აყენებს. 

"ისტორიულად, რაც ჩვენთან არჩევნები ტარდებოდა ყველაზე სანდოა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ყველა ვენდობით. როდესაც ISFED ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას, გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე". – თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

სამართლიანი არჩევნები (ISFED) შიდა აუდიტის შედეგების შემდეგ გამოვლენილ ხარვეზებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს.

განცხადებას ეხმაურება, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერიაც. ბოკერიას თქმით, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო. მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს, ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%

  • ევროპული საქართველო – 3.8%

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%

  • ლელო – 3.2%

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%

  • გირჩი – 3.0%

  • მოქალაქეები – 1.3%

  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%

  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო – 0.9%

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. ოპოზიცია და ქართული ოცნება საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნების შესრულებამდე საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. სიები გამოითხოვეს: ენმ – ძალაერთობაშიამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

კომენტარები