არჩევნები 2020

კობახიძე: ენმ-ის რეგისტრაციის გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში განიხილავს

"ამ საკითხს განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ალბათ, უახლოეს დღეებში. დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი და იქნება დეკემბრის დღის წესრიგში, გამომდინარე იქედან, რომ უკვე ირთვება ის პროცედურები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების გაცემას, მნიშვენლოვანია, რომ ეს კანონპროექტი დეკემბერში იყოს მიღებული". - ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო რეგგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, შემდეგ არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ შემთხვევაში, თუ ენმ-ის ლიდერი, მიეხილ სააკაშვილი კვლავ იქნება ჩართული საარჩევნო აგიტაციაში.

"პარტიის გაუქმებაზე არ იყო საუბარი, საუბარი იყო საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე, ეს არის ორი სხვადასხვა რამ, პარტიის გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, აქ საუბარი იყო საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს საარჩევნო ცენზებს, არის როგორც პარტიის ლიდერი ჩართული საარჩევნო აგიტაციაში.

თუ ვნახავთ ჩვენ იგივე სურათს, მაგალითად, შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებზე, ან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რაც ვიხილეთ 2020 წელს, რომ სააკაშვილი იყო დასახელებული პრემიერობის კანდიდატად, ასეთ შემთხვევაში, იმ არჩვენებისთვის გაუქმდება პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია". - ამბობს კობახიძე. 

საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის არცერთი დეპუტატი არ მისულა, ქართული ოცნების წევრებს კი, შენობაში შესვლა სსრკ-ის ჰიმნის ფონზე მოუწიათ.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი, ერთპარტიული სხდომის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე.

მემორანდუმზე ხელი არ მოუწერიათ გირჩს, რესპუბლიკურ პარტიასა და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს. როგორც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, პარტია მხარს უჭერს მემორანდუმს, უბრალოდ, "ცერემონიები" არ უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტიები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარის თქმას არ გეგმავენ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჯერჯერობით მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა ფასილიტატორების მონაწილეობით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ საუბარი იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშეც, რაც ოპოზიციის მთავარი და საერთო მოთხოვნა იყო, შეიძლება, განიხილოს პარლამენტში შესვლა.

კომენტარები