ბოლო დღეებია, მმართველი გუნდის მესიჯბოქსია, რომ პარლამენტში "ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს" ელიან. ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ "ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში" და ზღვარი უნდა გაივლოს "ჯანსაღ" და "არაჯანსაღ" პარტიებს შორის.
"არიან პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ექვემდებარებიან არაჯანსაღი ადამიანების, გვარამიას, სააკაშვილის, ბოკერიას ბულინგს, რაც არის ამაზრზენი მოვლენა" - თქვა კობახიძემ.
ტაბულას კითხვას, ვის თვლის ჯანსაღ პოლიტიკოსებად, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი არ პასუხობს, თუმცა, კვლავ "სააკაშვილს, ბოკერიას, გვარამიას" ასახელებს "სრულიად არაჯანსაღ პოლიტიკოსებად".
"ყველა, ვინც დაექვემდებარება მათ ბულინგს და შანტაჟს, ასევე იქნება... გვარებს მე დღეს არ დაგიკონკრეტებთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, გამოჩნდება ეს" - ამბობს კობახიძე.
საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის არცერთი დეპუტატი არ მისულა, ქართული ოცნების წევრებს კი, შენობაში შესვლა სსრკ-ის ჰიმნის ფონზე მოუწიათ.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი, ერთპარტიული სხდომის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე.
მემორანდუმზე ხელი არ მოუწერიათ გირჩს, რესპუბლიკურ პარტიასა და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს. როგორც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, პარტია მხარს უჭერს მემორანდუმს, უბრალოდ, "ცერემონიები" არ უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტიები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარის თქმას არ გეგმავენ.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჯერჯერობით მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა ფასილიტატორების მონაწილეობით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ საუბარი იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშეც, რაც ოპოზიციის მთავარი და საერთო მოთხოვნა იყო, შეიძლება, განიხილოს პარლამენტში შესვლა.





