არჩევნები 2020

ბერაია: პროპორციული რომ არ ჩაგვეგდო, პარლამენტი იქნებოდა ორპარტიული, ახლა მრავალპარტიულია

პარლამენტი

"ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებამ მოგვცა ის, რომ დღეს საქართველოში არის მრავალპარტიული პარლამენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა მხოლოდ ორპარტიული" - ასე უპასუხა ქართული ოცნების "მეამბოხე დეპუტატმა" ირაკლი ბერაიამ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შესახებ დასმულ კითხვას.

აღსანიშნავია, რომ სრულად პროპორციული სისტემა, რომელსაც ქართული ოცნება საზოგადოებას 2019 წლის ივნისის აქციების დროს დაჰპირდა, 0%-იან ბარიერს ითვალისწინებდა. პარლამენტის 150-ვე დეპუტატი მანდატს პროპორციული სიით, პარტიის მიერ მიღებული ხმებით მიიღებდა.

ეს დაპირება ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა და 2019 წლის ნოემბერში მმართველი გუნდის დეპუტატებმა საკონსტიტუციო კანონის პროექტი ჩააგდეს. ამას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, თითქმის 4 თვის შემდეგ, 2020 წლის 8 მარტს, ოპოზიცია და ხელისუფლება ელჩების მონაწილეობით ახალ "თითქმის პროპორციულ" საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ - 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩა, ხოლო 30 - მაჟორიტარულით.

თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგები არ აღიარეს და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს. შესაბამისად, საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე. 

მემორანდუმზე ხელი არ მოუწერიათ გირჩს, რესპუბლიკურ პარტიასა და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს. როგორც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, პარტია მხარს უჭერს მემორანდუმს, უბრალოდ, "ცერემონიები" არ უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტიები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარის თქმას არ გეგმავენ. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაიმართა მოლაპარაკებების 4 რაუნდი ფასილიტატორების მონაწილეობით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ საუბარი იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშეც, რაც ოპოზიციის მთავარი და საერთო მოთხოვნა იყო, შეიძლება, განიხილოს პარლამენტში შესვლა. 

კომენტარები