არჩევნები 2020

ხაზარაძე: ხვალ ოპოზიციის ცერემონიას შევუერთდებით და უარს ვიტყვით მანდატებზე

ლელოს წევრები ხვალ, 11 დეკემბერს ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მანდატებზე ოფიციალურად იტყვიან უარს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს კრების შემდეგ თქვა.

"ჩვენმა პარტიამ ოფიციალურად დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ვახმოვანებდით, რომ გამოვიწიოთ ჩვენი საპარლამენტო სია. მივმართოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ იმ მანდატებზე, რომელიც მოგვანიჭეს გაყალბებული არჩევნების შედეგად.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაითვალსიწინოს ეს მდგომარეობა. ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი გადაწყვეტილება - როცა იქნება ერთპარტიული პარლამენტი". - თქვა ხაზარაძემ. 

ამავე საკითხზე ბრიფინგი გამართა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. პარტიის წევრები ხვალ განცხადებას დაწერენ და სიებს ჩახსნიან.  

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხვალ, 11 დეკემბერს, ერთპარტიული პარლამენტის შეკრების დღეს, დეკლარაციას მოაწერენ ხელს. დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების განცხადებაში ეწერება, რომ არჩევნები არის გაყალბებული და ოპოზიციის მოთხოვნააა ახალი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ასევე, ბაქრაძის თქმით, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, დოკუმენტს ცალ-ცალკე მოაწერენ ხელს და მანდატზე უარს იტყვიან. 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების მოპოვება შეძლეს, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.

ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს. ამ დრომდე ეს ოპოზიციის საერთო მოთხოვნებად განიხილებოდა, ფასილიტატორების მონაწილეობით, ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების ოთხი რაუნდის განმავლობაში, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური წარმომადგენლისთვის პარლამენტში შესასვლელი მარჟა უფრო დაბალია და უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე გადის, რომელსაც ასევე ვერ მიიღებს პარლამენტი, თუკი იქ ოპოზიციის 23 დეპუტატი არ შევა.

კომენტარები