კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებას, ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო, მაგრამ "მეტს ვერ გაუძლებდა".

"ჩვენ შეზღუდვების დაწესებიდან 2 კვირაში ვნახეთ, რომ ზრდა გაჩერდა. მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტჯერ გაფართოებისა, ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა აღარ გვაქვს. მაშინ, როცა მსოფლიოში 100 000 მოსახლეზე პირველები ვართ გავრცელებით, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. დიახ, ხარვეზებით, ფაქტია, რომ სისტემამ გაუძლო, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. შეზღუდვების შედეგად სტაბილიზაცია გვაქვს. ვირუსი შეკავებულია". – თქვა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 სათში კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 570 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი.10 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 178 953 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 148 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 657 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები