არჩევნები 2020

ელისაშვილი: გიორგი ვაშაძე ვერ ბედავს თქმას, ძაანაც უნდა შესვლა პარლამენტში

რუსთავი 2

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის 99 პროცენტს პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა ამის თქმას ვერ ბედავენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მთავარის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც უნდა. 

"გიორგი ვაშაძე ვერ ბედავს თქმას და ძაანაც უნდა შესვლა პარლამენტში". – თქვა ელისაშვილმა. 

გადაცემის წამყვანმა, ნიკა გვარამიამ მას ჰკითხა, თუ რატომ არის ოპოზიცია შეშინებული, "რა გჭირთ, ყ*ერებით ჰყავხართ ვინმეს დაჭერილი?" - რაზეც ელისაშვილმა უპასუხა, რომ არ იცის "ბოკერიას და ბაქრაძეს რითი ჰყავთ ეგენი [ოპოზიცია] დაჭერილი" და აღნიშნავს, რომ ის "არავის დაჭერილი არ ჰყავს", რადგან გაბედა და ხმა ამოიღო. 

"დღეს მე რაც ვთქვი, თუ ეს შეთანხმება შესრულდა, უნდა შევიდეთ პარლამენტში, მე გავბედე ამის თქმა, ყველას უნდა, ოპოზიციის 99 პროცენტს უნდა პარლამენტში შესვლა, ოღონდ ბაქრაძე-ბოკერია-უგულავას არ უნდათ, რადგან ისინი ვერ შევიდნენ... აი, ყველას სათქმელი ვთქვი. ყველა ცალ-ცალკე რომ მეჩურჩულება, იცი ეგ ამბავი? ჰო და ამოიღონ ხმა, ეყოთ კაცობა და გამბედაობა". –თქვა ელისაშვილმა. 

ელისაშვილმა, 9 დეკემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა, სადაც ევროპული საქართველო ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. 

მისივე თქმით, "თუ გაწიკწიკებული საარჩევნო წესები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ".

ირაკლი კობახიძემ, "ოცნების" ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნება დააინიცირებს კანონპროეტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა. კობახიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არ აკმაყოფილებს "ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს" და ის ქვეყანას პრობლემებს უქმნის.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება, ბოლო არჩევნებში ოფიციალურად 27.8% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა.

ამავე ბრიფინგზე, კობახიძემ თქვა, რომ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს განაცხადებენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

მისივე თქმით, საპარლამენტო მანდატებს ვერ მიიღებენ ის დეპუტატები, რომლებიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერების "ამბოხის სცენარს".

ამ შეთავაზებებთან დაკავშირებით, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ 10 დეკემბერს, პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს და საბოლოდ გადაწყდება, თუ რა ფორმით ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესში. ამის შესახებ ვაშაძემ ლელოს ოფისში, ოპოზიციის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებმა "ფონი დაამძიმა".

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებები ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. 10 დეკემბერს კი მოლაპარაკებების ბოლო რაუდნია დაგეგმილი.

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.
______________________________________________________________________________________

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები