არჩევნები 2020

ელისაშვილი: ქართულმა ოცნებამ ოთხივე საკითხზე, რომელიც მოლაპარაკებებზე მივუტანეთ, უკან დაიხია

ალექსანდრე ელისაშვილი/Facebook.com

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ იმ ოთხივე საკითხზე უკან დაიხია, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკებების წამოაყენა. ამის შესახებ ელისაშვილმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა და ევროპული საქართველო მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში კიდევ ბევრჯერ დაადანაშაულა. 

"იყო ერთთვიანი ძალიან რთული მოლაპარაკების პროცესი, დეტალებს ვერ მოვყვები, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ოთხივე საკითხზე, რომელიც მივიტანეთ უკან დაიხია... დღეს წარმოჩინდა, რომ ალეკო შედის პარლამენტში – არა, მე დღეს მთელი დღეა ვცდილობ, გადავარჩინო მოლაპარაკების პროცესი, რომლის ჩაშლასაც, საბოტაჟს ეწევა ბოკერიას პარტია. შიგნით ბაქრაძე, გარეთ ბოკერია - უგულავა". – ამბობს ელისაშვილი. 

ელისაშვილის თქმით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებზეც დათანხმდა, თუ ოპოზიცია დაამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. 

"რიგგარეშე ხომ იყო მაგათი [ქართული ოცნების] წითელი ხაზი, ბოლოს თქვეს, დავნიშნავთო, რომ გაყალბდაო. ახლა ჩვენ უნდა ვივარგოთ და ხო ყველა ვამბობთ, რომ გაყალბებაა. დავამტკიცოთ ეს გაყალბება". – ამბობს ელისაშვილი, თუმცა არ საუბრობს იმ გზებზე, რითაც ამ გაყალბების დამტკიცება შეიძლება. 

ელისაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ოპოზიციის პირობები არ შესრულდა, ისე პარლამენტში არ შევა.

ირაკლი კობახიძემ, დღეს "ოცნების" ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნება დააინიცირებს კანონპროეტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა. კობახიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არ აკმაყოფილებს "ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს" და ის ქვეყანას პრობლემებს უქმნის.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება, ბოლო არჩევნებში ოფიციალურად 27.8% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა.

 

ამავე ბრიფინგზე, კობახიძემ თქვა, რომ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს განაცხადებენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

მისივე თქმით, საპარლამენტო მანდატებს ვერ მიიღებენ ის დეპუტატები, რომლებიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერების "ამბოხის სცენარს".

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებები ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. დღეს, ან ხვალ კი მოლაპარაკებების ბოლო რაუდნია დაგეგმილი.

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.
______________________________________________________________________________________

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

 

კომენტარები