არჩევნები 2020

გერმანიის ელჩი: ყველა პარტიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მანდატებს გამოიყენებს თუ არა

იმედი

გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსა და მოლაპარაკებებში უცხოელი დიპლომატების ჩართულობაზე ისაუბრა.

ელჩმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს წინ საკონსტიტუციო ცვლილებები და პარტიებს შორის მოლაპარაკებები უძღოდა, შედგა შეთანხმება უკეთეს საარჩევნო სისტემაზე, რომელიც უკეთესად ასახავს ხალხის ნებას. 

"უფრო მეტი ოპოზიციური პარტია პარლამენტში იქნა არჩეული. პარლამენტში ოპოზიცია მთლიანობაში გაძლიერდა და ასეთი პარლამენტი უკეთ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, ვიდრე ეს იქნებოდა ძველი სისტემით ჩატარებულ არჩევნების შემთხვევაში. ამგვარმა საქართველომ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები არ იყო საქართველოში დემოკრატიული განვითარების მწვერვალი. მე მგონია, რომ აქ აუცილებელია შემდგომი გაუმჯობესება და ამის შეგნება არსებობს როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ასევე მმართველ პარტიაში. გაუმჯობესება და რეფორმები აუცილებელია, მაგრამ სხვაგან სად, თუ არა პარლამენტში უნდა მოხდეს მათ შესახებ გადაწყვეტილებების მიღება". – თქვა ჰუბერტ ქნირშმა.

გერმანიის ელჩს შეფასებით, ოპოზიციის შიგნით არსებობს დაპირისპირება, ზოგი პოლიტიკოსი გამოთქვამს შეთანხმების მიღწევის ინტერესს, ხოლო სხვებს ეს არ მოსწონთ. ქნირში ამბობს, რომ მრავალფეროვანი ოპოზიცია პარლამენტში კარგია ქართული დემოკრატიისთვის და ყველა პარტიამ, ზეგავლენის გარეშე, უნდა მიიღოს პარლამენტში შესვლა-არ შესვლის გადაწყვეტილება.

"მათ, ვინც „ქართულ ოცნებას“ ესაუბრება და დიპლომატების შუამდგომლობას იყენებს, უკან ახევინებენ და მათ დისკრედიტაციას ეწევიან. ნათელია, რომ ყველა პარტიამ, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, თვითონ, ზეწოლის გარეშე უნდა გადაწყვიტოს, ამ მანდატებს გამოიყენებს თუ არა, და დიპლომატებს კი არ აქვთ გავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაზე, არამედ ზოგიერთ პოლიტიკოსს და ზოგიერთ მედიასაშუალებას, რომლებიც ცდილობენ, სხვა პარტიების გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიონ. ახალმა საარჩევნო კანონმდებლობამ საშუალება გააჩინა, რომ პარლამენტში უფრო მრავალფეროვანი ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი და მე მგონია, რომ მრავალფეროვანი ოპოზიცია ქართული პოლიტიკისათვის, ქართული დემოკრატიისათვის კარგი იქნება და ამიტომ კარგი იქნება, რომ ყველა პარტიამ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ზეგავლენის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება". – თქვა ჰუბერტ ქნირშმა.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებები ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. დღეს, ან ხვალ კი მოლაპარაკებების ბოლო რაუდნია დაგეგმილი.

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.
______________________________________________________________________________________

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები