არჩევნები 2020

ბოკერია კობახიძეზე: ავტორიტარული რეჟიმი სურთ, ივანიშვილს მორიგ ჯერზე უმტყუნა ნერვებმა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება. ბოკერიას შეფასებით, "ოცნებას" ავტორიტარული რეჟიმის დამყარება სურს და ბიძინა ივანიშვილს "მორიგ ჯერზე უმტყუნა ნერვებმა." 

"ჩვენ ვუსმინეთ ივანიშვილის ამ მომენტისთვის მთავარ პოლიტიკურ კლოუნს, ბატონ კობახიძეს. შეფასება, რომელიც მე და ბევრ ჩემს კოლეგას პირველად მოგვდის თავში, არის, რომ პერსონალურად ივანიშვილს მორიგ ჯერზე უმტყუნა ნერვებმა. ამის შედეგია ეს გულწრფელი განცხადებები, რაც მოისმინეთ კობახიძისგან. პირდაპირ ითქვა, რომ სურთ პოლიტიკური ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, ბოლომდე გასვლა. ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ღიად მაინც ერიდება ხოლმე თქმას. 

რეჟიმი, სადაც მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, იმ პარტიას, რომელმაც ამ რეჟიმის ცესკოს მანიპულირებული ციფრებითაც კი მიიღო 27%, უუქმებენ რეგისტრაციას, არის პუტინის რუსეთის მართვის მოდელი. სწორედ პუტინის რუსეთში არის ეს მეთოდი - რეგისტრაციიდან მოხსნა". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ბოკერიას სიტყვებით, პოლიტიკური ბოიკოტი და ერთპარტიული პარლამენტის შექმნა არის კიდევ ერთი და, ამ მომენტში, გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც "ოცნებას" მომავალში დიდ პრობლემებს შეუქმნის - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. 

"ამის შედეგი არის ეს საუბარი. ბატონმა კობახიძემ მისთვის ჩვეული ძალიან უტიფარი ფორმით ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ გულწრფელად თუ არაგულწრფელად შემცდარ ჩვენს კოლეგას ოპოზიციაში, ვინც, ჩვენი აზრით, ამ კონტექსტისთვის მეორეხარისხოვანი საკითხებით აპირებდა ამ ბოიკოტის ტორპედირებას. თქვენი შემოსვლა საერთოდ არ გვაინტერესებს, მაინც ისე მივიღებთ მაგ ყველაფერსო. 

კობახიძემ დეტალებში დაარღვია შეთანხმებაც და გამოიტანა გარეთ მოლაპარაკებებიდან ის, რის გაკეთებასაც თვითონ აპირებს. ახლა მან დაამატა მუქარები, რომ რაც ჩვენ გვინდა, იმას არ აკეთებთ ამ რეპრესიულ ნაბიჯებს გადავდგამთო. როგორც ჩანს, ერთ ნაწილში მაინც "გონივრულობამ" გამოანათა, რომ მიხვდნენ და შემოატრიალეს, ვინც პარლამენტიდან გასვლის განცხადებას დაწერთ, [დაფინანსებას] ახლავე შეგიწყვეტთო. [...] ცდება. როგორც ყოველთვის, ასეთ დროს, როდესაც ნერვები უმტყუნებს ივანიშვილს, ის ყველაზე მძიმე შეცდომებს უშვებს". – ამბობს გიგა ბოკერია. 

დღეს, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს - ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა. 

კობახიძემ ასევე თქვა, რომ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს განაცხადებენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ. მისივე თქმით, საპარლამენტო მანდატებს ვერ მიიღებენ ის დეპუტატები, რომლებიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერების ამბოხის სცენარს. ამის შესახებ კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

კომენტარები