არჩევნები 2020

ხვიჩია: ელისაშვილი თავდასხმის ობიექტი გახდა, გვინდოდა, პროპორციული მთავარი საკითხი ყოფილიყო

ტაბულა

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თავდასხმის ობიექტი გახდა. მისივე თქმით, პროპორციული სისტემა გირჩისთვის მთავარი საკითხია.

"ალეკო ელისაშვილი დღეს გახდა თავდასხმის ობიექტი იმის გამო, რაც მისთვის იყო რაღაცნაირად მნიშვნელოვანი - საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო სისტემა. ასევე, ჩვენ ოპოზიციის მაგიდასთან ვიცოდით, რომ ჩვენც გვქონდა ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჯერ არ დევს მისი სრული სახით მაგიდასთან. ჩვენ გვინდოდა ის, რის გამოც ამ ქვეყანაში მოხდა 20 ივნისი, რის გამოც ოპოზიციური ერთობა საერთოდ შედგა, რის გამოც 1 წელია ერთად ვიკრიბებით - ეს იყო სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით. ჩვენ, ზოგადად, სულ ეს გვინდოდა მოლაპარაკების მაგიდაზე. გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო მთავარი საკითხი, თუმცა, ვითვალისწინებდით ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების აზრს". – ამბობს ხვიჩია.  

იაგო ხვიჩიას თქმით, მხარე, რომელიც პოლიტპატიმრების თემას "ჭედავს", მოლაპარაკების ჩამშლელია. მისივე სიტყვებით, იყო კამათი იმაზე, არის თუ არა ვადამდელი არჩევნები ერთადერთი მოთხოვნა, თუ არსებობს მისი საპირწონე მოთხოვნა.

"კამათი იყო იმაზე, რომ არსებობს თუ არა ერთადერთი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნები, თუ არსებობს ასევე საპირწონე მოთხოვნა, რომელიც ასევე დაკავშირებულია ძალაუფლების ან მყისიერ, ან რაღაც პერიოდში დათმობასთან. ასეთი, როგორც იცით, პროპორციული არჩევნები იყო თავის დროზე. ჩვენ ხომ ამიტომ გვინდოდა პროპორციული არჩევნები, რომ ის იყო ძალაუფლების დათმობის ინსტრუმენტი. ის მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს, თუ შესრულდება, რაც, თავის დროზე, იყო ბიძინა ივანიშვილის დაპირებაც და შემდეგ იმის გამო, რომ არ შესრულდა, ხდება, რაც დღეს ხდება, ჩვენ ამის დასრულება გვინდა. გვინდა, რომ გამარჯვებული და დამარცხებული ამ არჩევნებზე გადაწყვიტოს სამართლიანი სისტემით ადამიანმა უკვე შემოდგომაზეც". – ამბობს ხვიჩია.

კითხვაზე, აპირებს თუ არა შესვლას პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებენ, ხვიჩია პასუხობს: 

"ზოგჯერ გულწრფელად ხდება ხოლმე, როდესაც პოლიტიკური პატიმრების საკითხი არ იწერება რაღაც დოკუმენტში, იმიტომ, რომ მეორე მხარისთვისაც არის მტკივნეული იმის აღიარება, რომ მას ჰყავს პოლიტიკური პატიმარი. თუ ჩვენ სერიოზულ ლაპარაკს გადავწყვიტავთ და ვამბობთ, რომ ჩიხი არ არის, ბევრი სივრცე არსებობს ლაპარაკის, იქ ბევრი ადგილი გამოჩნდება, სადაც პოლიტპატიმრებზეც იქნება ლაპარაკი და სხვა საკითხებზეც. 

[...] უბრალოდ, რაღაცა არსებობს, როდესაც ჩვენ ადამიანურ ურთიერთობაში შევდივართ. რაღაცას იმ წუთას ჩავთვლით ადამიანები, რომ აი, ეს ჩემთვის გარანტია იყო. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეს ჩავთვალოთ გარანტიად და თუ არა შესრულდება, ამაზე მორალური პასუხისმგებლობაც ავტომატურად გეკისრება".

ხვიჩიას თქმით, ყველა საკუთარ ქმედებას საჯაროდ ახსნის. 

"არ ვიცი, რა არის იქეთ მოლაპარაკების გარანტიები და ა.შ. ყურადღებით დავაკვირდები და გპირდებით, რომ ვიქნები  ადეკვატური, ყველა ჩემს ქმედებას ავხსნი საჯაროდ. აბსოლუტურად არაფერს არ დაგიმალავთ". – ამბობს იაგო ხვიჩია. 

ალეკო ელისაშვილმა დღეს, 9 დეკემბერს თქვა, რომ "თუ გაწიკწიკებული საარჩევნო წესები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ."  

ელისაშვილმა თქვა, რომ თუკი ელჩებთან მოლაპარაკებებიდან საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მისთვის მისაღებ შეთანხმებას მიიღებენ, ის პარლამენტში შევა. მისივე თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელსაც მოქალაქეები ენდობიან.

ელისაშვილმა ასევე თქვა, რომ "ბოკერიას პარტიას მოლაპარაკებების ჩაშლა სურს, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ." მის განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, ელისაშვილის სიტყვები " სიცრუეა, იმ მრავალ სიცრუეს შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ახლაც." სერგი კაპანაძე კი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლისთვის საბაბს ეძებს.

კომენტარები