არჩევნები 2020

ბოკერია: ელისაშვილისნაირი ფიგურის პარლამენტში შესვლა ერთპარტიულობას გაუსვამს ხაზს

"ამ ვითარებაში, ამ ტიპის საბაბით, ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა ერთპარტიულობას კი არ გააქარწყლებს, ხაზს გაუსვამს". – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, პარტია მოქალაქეების ლიდერ ალეკო ელისაშვილზე. 

ელისაშვილმა დღეს, საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ევროპული საქართველო, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, ქართულ ოცნებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას, დეტალების გარეთ გამოტანასა და"ყველაფრის არევას" ცდილობს.

გიგა ბოკერიას თქმით, ეს ელისაშვილის მხრიდან საბაბების ძიებაა პარლამენტში შესასვლელად და მისი ბრალდებები კი სრული სიცრუე.

მოგვიანებით კი, ამავე ვიდეომიმართვაში, ელისაშვილმა განმარტა, რომ თუკი ელჩებთან მოლაპარაკებებიდან საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მისთვის მისაღებ შეთანხმებას მიიღებენ, ის პარლამენტში შევა. მისივე თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელსაც მოქალაქეები ენდობიან. 

"ვინც არ უნდა ყოფილიყო, ელისაშვილის ჩათვლითაც კი და ეს ძალიან დაბალი საზომია ჩემთვის, მაინც სასურველი იყო და ახლაც სასურველია, შენარჩუნდეს ბოიკოტი, ამ სამარცხვინო საქციელის შემდეგაც მისგანაც კი სასურველია, თუმცა, ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ვიღაცის მიერ წესის ან პირობის დარღვევით ხაზგასმა ხდება თავად ამ ვითარების, ანუ ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს. მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი, ყველა შემთხვევაში". – ამბობს გიგა ბოკერია.

ალეკო ელისაშვილი, სავარაუდოდ, ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას 8 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ბოკერიამ თქვა, რომ ქართულ ოცნებასთან მორიგი შეხვედრის შემდეგ ის მოლაპარაკებებს დეტალებს გაასაჯაროებს. აქამდე ოპოზიციური ლიდერები მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ფასილიტატორების, საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების მოთხოვნა იყო. 

ამ დრომდე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. მათ შორის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს ან ხვალ, 10 დეკემბერს გაიმართება. 

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებდა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები