არჩევნები 2020

დეკანოიძე: ელისაშვილის არგუმენტაცია სუსტია, იმ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტება

Khatia Dekanoidze / Facebook

"არგუმენტაცია, რასაც ბატონი ალექსანდრესგან ვუსმინე, არის ძალიან სუსტი". – ასე ეხმაურება ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, ხატია დეკანოიძე მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას. 

ელისაშვილმა დღეს, 9 დეკემბერს თქვა, რომ "თუ გაწიკწიკებული საარჩევნო წესები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ." 

"ჟვანიას გამოცვლაზეც კი არ არის იქ საუბარი. თუ ამაზე, პოლიტპატიმრებზე და რიგგარეშე არჩევნებზე შეიძლება რამე გაიცვალოს, ჩემთვის ეს იქნება სამწუხარო - ოპოზიციის ერთობის დარღვევა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მემეტება არცერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან იმ პარლამენტში შესასვლელად. არგუმენტაცია, რასაც ბატონი ალექსანდრესგან ვუსმინე, არის ძალიან სუსტი". – ამბობს დეკანოიძე ფორმულასთან ინტერვიუში. 

დეკანოიძის თქმით, თუ "ოცნებას" საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის პოლიტიკური ნება ექნება, ამას პარლამენტში ოპოზიციის შესვლის გარეშეც გააკეთებს.

"ბატონი ალექსანდრეს საპასუხოდ ვიტყვი, რომ ის წინადადებები, საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომელსაც გვთავაზობენ "ოცნების" წარმომადგენლები, ამას პარლამენტში შესვლა არ სჭირდება. თუ პოლიტიკური ნება იქნება, ამას "ოცნება" ისედაც გააკეთებს, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნების გარეშე საერთოდ არაფერი არ გამოდის. 

მე ვიცი ჩემი პარტიის პოზიცია, ოპოზიციის უმრავლესობის პოზიცია. [...] ჩვენთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, რიგგარეშე ან რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზის დადასტურების გარეშე ცალკე დოკუმენტი, შეთანხმება და რამდენიმე გადმოგდებული საარჩევნო კომისიებში ვიღაც ადამიანების ჩანაცვლება თუ კამერა სად და როგორ დადგება, ეს ჩვენთვის არ არის გადამწყვეტი. ამას არ სჭირდება ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში, ეს საარჩევნო ცვლილებები "ოცნებას" ისედაც შეუძლია, განახორციელოს". – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ თუკი ელჩებთან მოლაპარაკებებიდან საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მისთვის მისაღებ შეთანხმებას მიიღებენ, ის პარლამენტში შევა. მისივე თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელსაც მოქალაქეები ენდობიან. 

ელისაშვილმა ასევე თქვა, რომ "ბოკერიას პარტიას მოლაპარაკებების ჩაშლა სურს, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ." მის განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, ელისაშვილის სიტყვები " სიცრუეა, იმ მრავალ სიცრუეს შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ახლაც." სერგი კაპანაძე კი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლისთვის საბაბს ეძებს.

კომენტარები