არჩევნები 2020

ბოკერია ელისაშვილზე: სიცრუეა, იმ მრავალ სიცრუეს შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ახლაც

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"საბაბს ეძებს, ჩვენ მისთვის არაფერი დაგვიბრალებია. სიცრუეა, იმ მრავალ სიცრუეს შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ახლაც". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას და ამას სიცრუესა და საბაბის ძიებას უწოდებს.

ალეკო ელისაშვილმა საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ევროპული საქართველო, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, ქართულ ოცნებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას, დეტალების გარეთ გამოტანასა და"ყველაფრის არევას" ცდილობს.

"არაფერი დაგვიბრალებია, რადგან ჩვენთვის ამ ვითარებაში მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმე სამარცხვინოდ მოქცეულიყო და შემდეგ ტალახი გვესროლა მისთვის, იქამდე ან მერე, არამედ სასურველი იყო, რომ ელისაშვილიც კი, რასაც წარმოადგენს, ასეთი ადამიანიც კი, რადგან ოპოზიციაშია, ფორმალურად მაინც, ჯერჯერობით, ყოფილიყო ერთიანობა. ამიტომ, საერთოდ არ დავსხმივარ თავს და ეძებს საბაბს ძალიან სამარცხვინო ფორმით". – ამბობს გიგა ბოკერია ალეკო ელისაშვილის განცხადების საპასუხოდ.

ალეკო ელისაშვილი, სავარაუდოდ, ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას 8 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ბოკერიამ  თქვა, რომ ქართულ ოცნებასთან მორიგი შეხვედრის შემდეგ ის მოლაპარაკებებს დეტალებს გაასაჯაროებს. აქამდე ოპოზიციური ლიდერები მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ფასილიტატორების, საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების მოთხოვნა იყო. 

ამ დრომდე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. მათ შორის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, ან ხვალ, 10 დეკემბერს გაიმართება. 

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები