არჩევნები 2020

კაპანაძე: ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ შევიდეს პარლამენტში, ამიტომ დაგვესხა თავს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ნათქვამს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ევროპული საქართველო ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ქართულ ოცნებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს. 

კაპანაძის შეფასებით, ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს და ამიტომ ესხმის თავს კოლეგა ოპოზიციურ პარტიას. 

"ელისაშვილის ბრალდებები, რომ ჯერ ერთი, ვითომ რაღაც ფულის აღება დავაბრალეთ, რაც არ ყოფილა არასდროს და ის, რომ რაღაც საბოტაჟს ვეწევით, ძალიან სამწუხაროა. ბატონი ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ შევიდეს და ახლა გამოიყენა კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა ამ საბაბად. ეს მასზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სხვა რამეზე. მას თუ უნდა, რომ შევიდეს, უნდა თქვას. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და იმიტომ რომ ქართველ ხალხს წაართვეს ნება თავისუფალ არჩევნებზე". - ამბობს კაპანაძე. 

ის ელისაშვილის პარლამენტში შესვლასთან გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თუ მოლაპარაკებებიდან "გაწიკწიკებულ" საარჩევნო წესებს გამოიტანს, პარლამენტში შევა. 

"თუ მას მიაჩნია, რომ კოდექსში რაღაცის გაუმჯობესების შედეგად ის უნდა შევიდეს პარლამენტში და თქვას, რომ ეს არჩევნები კი ბატონო სამართლიანი იყო და ივანიშვილს "გაუპრავოს" ეს პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცეს, ეს უნდა გადაწყვიტოს და თქვას". – ამბობს კაპანაძე. 

ამ დრომდე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. მათ შორის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, ან ხვალ, 10 დეკემბერს გაიმართება. 

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები