არჩევნები 2020

კაპანაძე: ოცნება საარჩევნო სისტემაზე თმობს, მაგრამ არჩევნები და პოლიტპატიმრები უპირატესია

სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ მარაზმია და მისთვის მოსაწონი არ არის, რომ საზოგადოებას ვერ ეუბნებიან მოლაპარაკებების დეტალებს, თუმცა ზოგადი სიტუაციის აღწერა მაინც შესაძლებელია.

კაპანაძემ სტატუსში მოჰყვა, რა არის ოპოზიციის მოთხოვნები მოლაპარაკებების მაგიდაზე, რას გულისხმობს ქართული ოცნება, როდესაც პროგრესზე საუბრობს და რას ნიშნავს პლებისციტი ამ სიტუაციაში.

"ოპოზიციურმა პარტიებმა ვთქვით, რომ არ შევდივართ, რადგან არჩევნები გაყალბდა. შემდეგ წარვადგინეთ სამი მოთხოვნა - პოლიტპატიმრები, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო სისტემა.

ქოცებმა ელჩებს უთხრეს, რომ არ განიხილავენ არჩევნებს, პოლიტპატიმრებს, ჟვანიას მოხსნას, მაგრამ მზად არიან შეცვალონ რაღაც წესები 2021 ადგილობრივი არჩევნებისთვის.

ეს წესების შეცვლა ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის ცალკე თუ ავიღებთ, მეორეხარისხოვანია. თუმცა, რადგანაც სხვები გულგრილი არ იყვნენ ამ იდეების მიმართ, და რადგანაც თუ არჩევნები ტარდება, ამ შეცვლილი წესებით უნდა ჩატარდეს, ქოცებს მივეცით დააფდეითებული დოკუმენტი. ანუ, ისევ 3 მოთხოვნა. 1. პოლიტპატიმრები. 2. არჩევნები. 3. საარჩევნო წესები, აქვე 2021-ის დეტალებით. ეს დოკუმენტი ფორმულამ გაავრცელა. ისევ ჩვენ დაგვაბრალეს უსამართლოდ, რომ ჩვენ დავლიკეთ. ამ დროს არაფერ შუაში ვართ. დალიკვა რომ გვდომოდა, ფორმულას არ მივცემდით. ისეთს მივცემდით, ვინც ჩვენთან ნაკლებად აფილირდება. ისიც ვიცით, ვინ მისცა, მაგრამ ახლა არ აქვს მნიშვნელობა.

გუშინ მიდიოდა ამ დოკუმენტზე მუშაობა. ძირითადად, მე-3 პუნქტის (საარჩევნო ადმინისტრაცია და სისტემა) დეტალებზე.

ქოცები რომ ამბობენ, პროგრესიაო, გულისხმობენ, რომ ამ მე-3 პუნქტზე რაღაცეებს თმობენ.

ოღონდ, ეგ პუნქტი იმიტომ არის მესამე, რომ პირველი და მეორეა ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ პოლიტპატიმრები და ახალი არჩევნები.

ამ ორზე თუ არ იქნა პროგრესი, პარლამენტში არ შევდივართ. მარტივია ჩვენთვის - ევროპული საქართველოსთვის.

მოწოდებები, ელჩებს არ ელაპარაკოთო, არის ინფანტილიზმი და უპასუხისმგებლობა. მოწოდებები, მეტჯერ აღარ შეხვდეთ ოცნებასო, არასერიოზულია. თუ შანსია, მიაღწიო მიზანს მოლაპარაკებით, უნდა სცადო.

პლებისციტს რაც შეეხება: პლებისციტი არის არჩევნებამდე მისვლის გზა. თუ დანიშნავს ოცნება, მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის და წესების შეცვლის შემდეგ მიღებული ცესკოს მიერ უნდა მოხდეს პლებისციტის ადმინისტრირება. ესეც უპირობო მოთხოვნაა.

ეს ყველაფერი, რაც დავწერე, საჯაროდ ითქვა რამდენჯერმე, ამიტომ გადავწყვიტე მოლაპარაკებების დეტალების გამჟღავნების გარეშე ერთად მომეყარა თავი და თქვენთვის მომეთხრო". – წერს სერგი კაპანაძე.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს არის დაგეგმილი.

გუშინ, 7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ფასილიტატორების ჩართულობით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. თითქმის 6-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებს მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრიათ. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ ერთმანეთთან შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ. 

კომენტარები