კორონავირუსი შვედეთში

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო შვედეთში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება

AFP

ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შვედეთში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება. ამ დრომდე შვედეთში, სხვა ევროპულ სახელმწიფოებისგან განსხვავებით, შეზღუდვები ძირითადად რეკომენდაციების სახეს ატარებდა.

შვედეთში აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, შეიზღუდა ალკოჰოლით ვაჭრობა ორშაბათიდან კი სკოლები დაიხურება და სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

პანდემიის პერიოდში შვედეთში ნიღბების ტარება სავალდებულო არ ყოფილა. არ დახურულა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები. გასულ თვემდე არ ყოფილა შეზღუდვები სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე. თუმცა, რეკომენდებული იყო თავის შეკავება ხალხმრავალი შეკრებებისგან და სოციალური დისტანციის დაცვა. 

ინფექციის შემთხვევების ზრდის გამო ნოემბერში 8 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა, რის შედეგადაც დაიხურა კინოთეატრები და კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებები.

გასულ კვირას კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა. მეზობელი ქვეყნების საზღვრები შვედეთისთვის ჩაკეტილია. პანდემიის დაწყების შემდეგ დანიაში ინფექციით 894 ადამიანი გარდაიცვალა, ფინეთში - 424, ხოლო ნორვეგიაში - 359.

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში მკაცრი საკარანტინო ზომები არ შემოუღიათ, პანდემიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდა. 2020 წლის პირველ ნახევარში შვედეთის მშპ 8.5%-ით შემცირდა. ცენტრალური ბანკისა და რამდენიმე ეკონომიკური ინსტიტუტის თანახმად, მოსალოდნელია 2021 წლის დასაწყისითვის უმუშევრობის მაჩვენებელი 10%-მდე გაიზარდოს. რესტორნების, სასტუმროების და მომსახურების სფეროს სხვა დაწესებულებების ნაწილი იძულებული ხდება დაიხუროს. ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, შვედეთში ბიზნესის მხარდაჭერისთვის სახელმწიფო დახმარების პროგრამა არ შეუმუშავებიათ. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის ეკონომისტი, ლარს კალმფორსი ამბობს, რომ ვირუსის შიშმა და შეკრებებისგან თავის შეკავების რეკომენდაციამ გავლენა იქონია საშინაო მოთხოვნაზე, რამაც ბიზნესი დააზარალა.

პანდემიის დაწყებიდან შვედეთში კორონავირუსის 278 912 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 067 ადამიანი.

კომენტარები