კორონავირუსი შვედეთში

შვედეთში ბარებს და რესტორნებს, რომლებიც მითითებებს არ ითვალისწინებენ, დახურავენ

სტოკჰოლმი, 22.04.2020.

შვედეთმა ბარები და რესტორნები გააფრთხილა, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მითითებებს არ გაითვალისწინებენ, დახურავენ. 

შვედეთის შინაგან საქმეა მინისტრმა მიკაელ დამბერგმა განაცხადა, რომ ამინდის დათბობასთან ერთად, სტოკჰოლმში მცხოვრები პირები სოციალური დისტანციის წესებს უგულვებელყოფენ. 

"ჩვენ ვხედავთ შემაშფოთებელ სიახლეებს მომხმარებლებით სავსე ღია რესტორნებზე, ხალხით გადაჭედილ ადგილებზე და ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ," - თქვა მინისტრმა.

დამბერგის განცხადებით, სტოკჰოლმში და ზოგადად შვედეთში ადამიანებით გადაჭედილი ღია რესტორნების და ბარების ბიზნესი დაიხურება.

ბარებსა და რესტორნებში 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

სტოკჰოლმში განაცხადეს, რომ ბარებსა და რესტორნებში ოფიციალური პირები სოციალური დისტანციის წესების დაცვაზე კონტროლს გაზრდიან.

სტოკჰოლმის ინფექციური დაავადებების კონტროლის ხელმძღვანელის, პერ ფოლინის თქმით, ჯანდაცვის სისტემა დიდი წნეხის ქვეშაა - "ჩვენ ჩვენი ზომების დაცვა უნდა გავაგრძელოთ, რათა ეს მალე დასრულდეს".

შვედეთის მიდგომა კორონავირუსთან ბრძოლაში ევროპის ყველა ქვეყნისგან განსხვავდება. არათუ კარანტინი და სხვა მკაცრი ზომები გამოუცხადებიათ, ქვეყანაში რესტორნები და ბარებიც კი არ დაკეტილა. გარდა ამისა, კვლავ ღიაა ზოგი სკოლა და საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

შვედეთის სახელმწიფო ეპიდემიოლოგმა, ანდერს ტეგნელმა, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ ქვეყნის ბრძოლას კურირებს, განაცხადა, რომ სტოკჰოლმში, შესაძლებელია, მაისში ჯოგური იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს.

ანდერს ტეგნელს მიაჩნია, რომ მკაცრი ზომები, როგორიცაა საზღვრების დაკეტვა და რასაც სხვა სკანდინავიურმა ქვეყნებმა მიმართეს, პოლიტიკური ნაბიჯებია და სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.

მეტი შვედეთის მიდგომის შესახებ შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

25 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, შვედეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 17 567 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 152 პაციენტი, 1 005 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები