კორონავირუსი შვედეთში

შვედმა კაცმა ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის გამოსახულებიანი ტატუ გაიკეთა

32 წლის შვედმა მოქალაქემ, გუსტავ ლოიდ აგერბალდმა ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის, ანდერს ტეგნელის გამოსახულებიანი ტატუ გაიკეთა.

"მომწონს ტატუები, რომლებიც ჩემთვის რაღაცას წარმოადგენს, COVID-19 კი ჩემი დარჩენილი ცხოვრების ნაწილი გახდება", - ამბობს აგერბალდი.

მისი თქმით, ამიტომაც სურდა, სხეულზე კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი სახის გამოსახულება ჰქონოდა.

"პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზეა და თავის საქმეს გადასარევად ართმევს თავს", - ამბობს აგერბალდი ანდერს ტეგნელზე.

შვედეთის სახელმწიფო ეპიდემიოლოგი, ანდერს ტეგნელი, ქვეყანაში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას კურირებს. სწორედ მას მიეწერება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შვედეთს დანარჩენი ქვეყნებიდან გამოარჩევს.

ნაცვლად კარანტინისა და სხვა მკაცრი ზომებისა, ქვეყანაში რესტორნები და ბარებიც კი არ დაკეტილა. გარდა ამისა, კვლავ ღიაა ზოგი სკოლა და საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებისთვის. შესაძლებელია 50-მდე ადამიანის შეკრებაც.

აკრძალვების არარსებობის მიუხედავად, მოქალაქეები თავად მიმართავენ სოციალურ დისტანცირებას.

ანდერს ტეგნელს მიაჩნია, რომ მკაცრი ზომები, როგორიცაა საზღვრების დაკეტვა და რასაც სხვა სკანდინავიურმა ქვეყნებმა მიმართეს, პოლიტიკური ნაბიჯებია და სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.

ტეგნელი ამბობს იმასაც, რომ სტოკჰოლმში, შესაძლებელია, მაისში ჯოგური იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს.

მეტი შვედეთის მიდგომის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები