კორონავირუსი შვედეთში

WHO-ს წარმომადგენელი შვედეთის კორონავირუსთან ბრძოლის განსხვავებულ სტრატეგიას იწონებს

კორონავირუსი შვედეთში.

WHO-ს ჯანდაცვის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა, ახალ კორონავირუსთან გამკვლავებაში შვედეთის განსხვავებულ სტრატეგიაზე ისაუბრა.

მაიკ რაიანის თქმით, არასწორია ის შეხედულება, რომ შვედეთმა არაფერი გააკეთა ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

"ვფიქრობ, არსებობს წარმოდგენა, რომ შვედეთმა არ მიიღო კონტროლის არანაირი ღონისძიებები და მისცა დაავადებას გავრცელების საშუალება. ვერაფერი იქნება სიმართლის მიღმა. შვედეთმა დააწესა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან ძლიერი პოლიტიკა ფიზიკური დისტანცირების, ადამიანების მოვლისა და დაცვის გარშემო გრძელვადიან დაწესებულებებში და კიდევ სხვა რაღაცებში".

მისივე თქმით, შვედეთის ქმედება ახალი კორონავირუსის პირისპირ "მოსახლეობასთან პარტნიორობას" ჰგავს.

"რაც ამ ქვეყანამ განსხვავებულად გააკეთა, არის ის, რომ [შვედეთი] ძალიან ენდობა ურთიერთობას მოქალაქეებთან, მათ უნარსა და მზაობას, რომ თავად, საკუთარი სურვილით დაიცვან სოციალური დისტანცირება და დაარეგულირონ საკუთარი თავები".

შვედეთმა სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით კრიზისის მართვის განსხვავებული გზა აირჩია - სკოლები არ დაკეტილა. ბიზნესების უმეტესი ნაწილი, მათ შორის რესტორნები და ბარები ღიაა, მოქალაქეებს კი, გადაადგილების უფლება შეზღუდული არ აქვთ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შვედეთში ახალი კორონავირუსის 20 000 შემთხვევაზე მეტია დადასტურებული, გარდაცვლილია 2 400 ადამიანზე მეტი.

წაიკითხეთ შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის და არჩეული სტრატეგიის ავტორის, ანდერს ტეგნელის ინტერვიუ, რომელიც ხსნის, რატომ აირჩია ქვეყანამ ეს მეთოდი და რატომ ჰყავთ უფრო მეტი გარდაცვლილი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებს.

კომენტარები