არჩევნები 2020

ბორელი: იმედი მაქვს, ქართული ოცნების ბოლო შეთავაზება გახსნის კარს კომპრომისისთვის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული ოცნების ბოლო შეთავაზება ოპოზიციისადმი კარს გახსნის კომპრომისისთვის. 

ამის შესახებ მან 7 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ბორელმა თქვა, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არჩევნების შემდეგ არსებული სიტუაციაც.

"დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ლიდერობა და დაუშვან საპარლამენტო წარმომადგენლობის არსებობა. იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნების ბოლო შეთავაზება გახსნის კარს კომპრომისისათვის, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს, წინ წავიდეს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მიმართულებით და გაუმკლავდეს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს". – თქვა ჯოზეფ ბორელმა. 

7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ფასილიტატორების ჩართულობით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. თითქმის 6-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებს მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრიათ. მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ ერთმანეთთან შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ. 

კომენტარები