არჩევნები 2020

ვაშაძე მოლაპარაკებებზე: ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება შევხედოთ სიტუაციას

პარტია ლელოს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრა. ვაშაძემ აღნიშნა, რომ "პროცესი წინ მიდის", მდგომარეობას შეიძლება "ფრთხილი ოპტიმიზმით" შევხედოთ, ხოლო ქართულ ოცნებასთან შემდგომი შეხვედრის შემდეგ შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების პროცესისას დასმული საკითხების საჯაროდ განხილვა.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ერთიანი პოზიციები შეაჯერა და ემზადება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის.

"ოპოზიციის ერთიანი პოზიციები შევაჯერეთ. მიხარია, რომ ჩვენ საერთო პოზიციით უკვე ვემზადებით შემდგომი შეხვედრისთვის დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც, სავარაუდოდ, ქართული ოცნებაც მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის პოზიციები, რაც იქნა დაფიქსირებული, უკვე იქნება გაცვლილი ამ შეხვედრაზე. ამის შემდეგ უკვე საჯაროდ შევძლებთ განხილვას ჩვენს მხარდამჭერებთან, თქვენთან ერთად მედიასაშუალებებით თუ სხვადასხვა კუთხით, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც არის ახლა განხილვაში." – თქვა გიორგი ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ლოგიკურია, თუმცა ოპოზიცია საერთო სტრატეგიებში ერთიანია.  

"ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება შევხედოთ ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ვერსია არის, ამდენი პოლიტიკური პარტია ვართ და ყველა ერთ აზრზე არ არის ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ საერთო სტრატეგიაში ჩვენ ერთიანები ვართ და ერთიანად, ერთიანი პოზიციით წარვდგებით შემდგომ შეხვედრაზე. რაც იყო საჯაროდ დასმული, იყო პლებისციტთან დაკავშირებით საუბარი, განსხვავებული მოსაზრებები, იყო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა თარიღებთან დაკავშირებით მოსაზრებები, იყო სხვადასხვა თემაზე მოსაზრებები, მაგრამ ყველა ამ საკითხზე, გულწრფელად გეუბნებით, რომ, ჩემი აზრით, და ჩვენი პოზიციაა, რომ ქართულ ოცნებასთან შემდგომი შეხვედრის შემდეგ შევძლებთ საჯარო სივრცეში უფრო ღიად საუბარს, რომ თქვენი აზრი, თითოეული მოქალაქის აზრი გავიგოთ. მეც მინდა, ვიცოდე, რა უნდათ ჩვენს მხარდამჭერებს და რაზე, რა ტიპის შეთანხმებისთვის არის მზად საზოგადოება." – აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი ერთიანი ხედვა ოფიციალური წერილობითი ფორმით გადასცეს. ლიდერების თხოვნა იყო, ეს პოზიცია ოფიციალურად მიეწოდებინათ ქართული ოცნებისთვის და იმავეს ელოდნენ მმართველი პარტიისგანაც.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვილება, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები